„ვვარაუდობთ, რომ დღის განმავლობაში სრულად აღდგება ბაკურიანის წყალმომარაგება"

ვვარაუდობთ, რომ დღის განმავლობაში სრულად აღდგება ბაკურიანის წყალმომარაგება, - ამის საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ცქიტიშვილმა ზამთრის კურორტებზე - გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წლის ზამთრის სეზონს მთავრობა უფრო მომზადებული შეხვდება.

„როდესაც ჩვენ წყალმომარაგებაზე ვსაუბრობთ ორივე კურორტზე, სამწუხაროდ, მცდარი წარმოდგენაა შექმნილი, რომ თითქოს მთელ კურორტებს- გუდაურსაც და ბაკურიანსაც სრული მოცულობით ჰქონდა პრობლემა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს პრობლემა, სამწუხაროდ, შეექმნა გუდაურშიც და ბაკურიანშიც სასტუმროების ნაწილს. გუდაურში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია და დღეის მდგომარეობით ყველა სასტუმროს მიეწოდება წყალი. რაც შეეხება ბაკურიანს, დილიდან დაიწყო იმ პრობლემური სასტუმროების წყალმომარაგება ეტაპობრივად და მიმდინარეობს ახლაც უშუალოდ სასტუმროების ტერიტორიაზე, მათ შორის, ჩვენი ტექნიკური სამსახურების მიერ დახმარება იმისთვის, რომ ამ სასტუმროებმაც მიიღონ ის წყალი, რომელიც უკვე სისტემას მიეწოდება. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დღის განმავლობაში სრულად აღდგება ბაკურიანის წყალმომარაგება. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს - ობიექტური მიზეზი არის სამწუხაროდ გარემო, რომელიც გვაქვს და უნალექო ამინდი, რამაც გამოიწვია იმ წყლის მარაგების მკვეთრი შემცირება, რაც არის საჭიროდ სრულად მთელი ამ გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება ბიზნესსექტორთან კომუნიკაციას და იმ გაზრდილ მოთხოვნას, რომელიც ჩვენ გვაქვს - მხოლოდ ბაკურიანში, 2019 წლის პირობებში ჩვენ დაგვემატა 800-მდე ახალი აბონენტი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო იურიდიული პირი, ანუ სასტუმრო განთავსების ობიექტი, შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, არის დამატებითი მოთხოვნა, დამატებითი ზეწოლა იმ წყალმომარაგებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. იგივე ვითარება გვაქვს გუდაურში, ამდენი იურიდიული პირი არ დაგვემატა, მაგრამ რამდენიმე ათასი მცხოვრები დაემატა „რედკოს დასახლებას“ და გარდა ამისა, „რედკოსაც“ და ბევრ სხვა ბიზნესს აქვს გეგმები 2020 წლისთვისაც. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საჭიროა იმ ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ამ მზარდ მოთხოვნებს უპასუხებს და სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ამ ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრად უფრო სპეციფიურია, ბევრად უფრო რთულია, მეტ დაფინანსებასთან და პროცედურასთან არის დაკავშირებული, ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი სამწუხაროდ, ვერ მიყვება იმ ტემპს, რომელიც ჰქონდა ბიზნესს. ეს არის სწორედ ის პრობლემა, რაც ჩვენ გვქონდა და ის საკითხი, რომელიც გადასაწყვეტი გვაქვს, ამაზეც უკვე დაწყებულია აქტიური მუშაობა, იმისთვის, რომ 2020 წელს ჩვენ ჩავდოთ ინვესტიციები იმისთვის, რომ 2021 წლის ზამთრის სეზონს ჩვენ შევხვდეთ უფრო მომზადებულები“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.