„ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამ ძირი გამოუთხარა საქართველოს სანდოობას, როგორც ადგილს, სადაც უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნესის კეთება ღირს"

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს, დიდ თანხებზე იქნება საუბარი - შეიძლება, ივანიშვილს ეს არ ადარდებს, რადგან იცის, რომ 9-10 თვის შემდეგ მას ხელში ძალაუფლება აღარ ექნება და ფიქრობს, რომ ამას ახალი მთავრობა უნდა გაუმკლავდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას გაწყვეტა მოსალოდნელი იყო.

„ეს არ არის ისეთი რამ, რაც სიურპრიზად მოგვევლინა. ბიძინა ივანიშვილის სრული სტრატეგია იყო აქამდე მიღწევა, რათა შეთანხმება გაუქმებულიყო და საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო, რადგან პოტენციური მეწილეები დაფრთხნენ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დისკრედიტირდნენ. ასე რომ, რაც მოხდა, სრულებითაც არ მიკვირს. მაგრამ ახლა, ამის შედეგები საქართველოსთვის საკმაოდ ცუდი იქნება, რადგან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეს აღძრავს და დიდ თანხებზე იქნება საუბარი. შეიძლება, ივანიშვილს ეს არ ადარდებს, რადგან იცის, რომ 9-10 თვის შემდეგ მას ხელში ძალაუფლება აღარ ექნება და ფიქრობს, ამ შედეგებს ახალი მთავრობა უნდა გაუმკლავდეს.

რაც არ უნდა იყოს, გასაკვირი მომხდარში არაფერია და ძალიან დასანანია, რადგან ამან ძირი გამოუთხარა საქართველოს სანდოობას, როგორც ადგილს, სადაც უცხოელი ინვესტორებისთვის და ასევე, ადგილობრივი ბიზნესებისთვის ბიზნესის კეთება ღირს. ამას გარდა, მომხდარი ადასტურებს ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დე-ფაქტო მმართველია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ფადი ასლიმ.

მისი მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლოა, ორი ფაქტორის გამო სდომებოდა.

„პირველ რიგში, მას სურს ეს იმიტომ, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ინტერესებთან - მათ შავ ზღვაზე ისეთი პორტის არსებობა არ სურთ, რომელიც პოტენციურად რუსეთში გასასვლელის შემცვლელი იქნება და რომელიც, შეიძლება, მათი შეხედულებით, შემდგომში გამოყენებულ იქნას, როგორც სამხედრო-საზღვაო ბაზად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ან რაიმე მსგავსი, არ ვიცი, მაგრამ ეს რუსეთთან ინტერესთა კონფლიქტში მოდის. მეორეა პირადი მტრობა ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის და ეს შურისძიების მაგვარი ნაბიჯიც იყო“, - აღნიშნა ფადი ასლიმ.