მთავრობას იმის უნარიც კი არ აქვს, რომ წყლის პრობლემა მოაგვაროს. როგორ შეიძლება ისინი ასეთი დიდი პროექტის გაჩერებაზე გვესაუბრონ?! - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
ხაზარაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებაზე დავა საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელდება. მისივე თქმით, ახლა ხელისუფლებას ქართველმა ხალხმა უნდა გაუწყვიტოს ხელშეკრულება.
„ეს არის ის უუნარო მთავრობა, რომელმაც ზამთრის კურორტების სეზონი ჩააგდო. მათ იმის უნარიც კი არ აქვთ, რომ წყლის პრობლემა გადაწყვიტონ. შესაბამისად, როგორ შეიძლება ისინი გვესაუბრონ ასეთი დიდი პროექტის ან გაჩერებაზე, ან ახალი ტენდერის გამოცხადებაზე?! ქართველი ხალხის, საზოგადოების ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ გავუწყვიტოთ ხელშეკრულება ისევე, როგორც დღეს გაუწყვიტეს მათ ინვესტორებს. 75 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული ამ პროექტში,“ - განაცხადა ხაზარაძემ.