გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ხორბლის დაცვის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი და იური ნოზაძე ესწრებოდნენ.
მათივე ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ისტორიულად, საქართველო ახლო აღმოსავლეთში რბილი ხორბლის წარმოების და მოშინაურების ერთ-ერთი მთავარი კერაა, შესაბამისად, ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების დაცვას, აღდგენას და მსოფლიო მასშტაბით, აღნიშნული კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების ნუსხაშია წარდგენილი.
სამუშაო შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.