ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
ამის შესახებ ფოთის მერიიდან იუწყებიან.
მათივე ცნობით, ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი დაარსდება, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული და მოიცავს, როგორც მეზღვაურის პროფესიას, ასევე საპორტო პროფესიებს.
„2019 წლის მაისის თვეში ქ. ფოთის მერიის, სამეგრელო-ზემო სვანეთი სგუბერნიის მიერ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ინიციატივით ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მეშვეობითაც გადაწყდა ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული - როგორც მეზღვაურის პროფესია, ასევე საპორტო პროფესიები. მაგ: გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური შედუღება, ხარატი, ამწის ოპერატორი, კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი, თევზსაჭერი გემის ნავიგაცია, პორტების ლოგისტიკის ოპერირება, და ა.შ.
ფოთის სასწავლებელი მოემსახურება რეგიონის ლოგისტიკურ ინტერესებს და ასევე, ნაწილობრივ დაფარავს როგორც მეთევზე მეზღვაურთა, ასევე მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნას, რაც სრულად ახალი კონცეფციაა და ბათუმის სასწავლებლისგან განსხვავდება, რომელიც თავის მხრივ ორიენტირებულია ოფიცერთა შემადგენლობის მომზადებაზე.
ახალი სასწავლებელი გათვლილი იქნება 1000 სტუდენტზე და დასაქმდება 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი.
1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა. პროექტის ღრებულება 5 876 164.00 ლარს შეადგენს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 9 თვეს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.