დიმიტრი მედვედევმა უკრაინულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის შემოღების განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა უკრაინულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის შემოღების განკარგულებას.

ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა სოჭში, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გადასახადი დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დაიწყებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური მუხლების გამოყენებას.

"ყველა ამ ნაბიჯს ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მეწარმეების არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დასაცავად", - აღნიშნა მედვედევმა.

უკრაინა და ევროკავშირი 12 სექტემბერს შეთანხმდნენ, რომ 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადადონ თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა.