მთავრობის მხრიდან ზოგ შემთხვევაში პირდაპირი შეჩერების ნაბიჯი იყო გადადგმული, როცა კონკრეტულ ინვესტორს ეთქვა, რომ არ შემოსულიყვნენ პროექტში, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის მტკიცების მიუხედავად, პროექტი დააზარალა მთავარი სპონსორების მიმართ წაყენებულმა „უსაფუძვლო ბრალდებებმაც“.
„უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც იყო წაყენებული ჩვენი მთავარი სპონსორების მიმართ, თურმე არ უშლის ხელს ამ პროექტს და თურმე ამ პროექტს პრობლემები ჰქონდა წარსულშიც. 2017 წელს იყო კონკრეტული გადავადებები, რომელიც დასაბუთდა კონკრეტული არგუმენტაციით. ორმხრივად მოხდა შეთანხმება მთავრობასა და ჩვენს შორის იმ კონკრეტული მიზეზების გამო სხვადასხვა ვადების გადაწევასთან დაკავშირებით. 2019 წელს განხორციელებულმა ბრალდებებმა, რომლებიც ჩვენი მთავარი სპონსორების მიმართ იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დააზიანა პროექტი და ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ინვესტორების მოძიების, ბანკებთან ურთიერთობისა და მათთან მოლაპარაკების პროცესი“, - განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანის განმარტებით, კონსორციუმი ვერ დაეთანხმება გაჟღერებულ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ვერ შეასრულეს ვალდებულებები.
„ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ პროექტის წარმატებაში. ინვესტირებულია 75 მილიონი დოლარი, შესრულებულია გარკვეული სამშენებლო სამუშაოები. მოვიძიეთ თანხები ბანკებიდანაც, ინვესტორებისგანაც, გავაფორმეთ ხელშეკრულება პორტის ოპერატორთანაც, შევარჩიეთ კონტრაქტორიც. მთავრობამ, არათუ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ განეხილა, მოეწვია ეს მხარეები, ესაუბრა, მან არც მოისურვა, რომ კონსტრუქციულ საუბარში შემოსულიყო. აქ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ ჩვენ ვერ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები. პირიქით, აქ მთავრობას უნდა აეღო მოწინავე როლი. მე ამის შესახებ ვისაუბრე არაერთხელ საჯაროდ, მათ შორის, პარლამენტის ტრიბუნიდანაც, რომ ძალიან ცოტა იყო დარჩენილი იმისთვის, რომ წინ წაგვეწია პროექტში, შეთანხმება შემდგარიყო და პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, მთავრობამ არ მოისურვა კონსტრუქციულ საუბარში შემოსვლაც კი. მთავრობის ამ ქმედებებით, რა თქმა უნდა, დაზიანდა პროექტი, კონსორციუმი. ამ რთულ ვითარებაში, 2019 წლის პერიოდში ჩვენ შექმნილი გარემოებების მიუხედავად, შევძელით, დაგვეინტერესებინა არაერთი ინვესტორი, რომლებიც ითხოვდნენ სულ მცირე რამეს, რომ მთავრობის მხრიდან შექმნილიყო კომფორტი მათი განსახორციელებელი ინვესტიციის თაობაზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“. ესეც კი ვერ მოხდა მთავრობის მხრიდან და ზოგ შემთხვევაში პირდაპირი შეჩერების ნაბიჯი იყო გადადგმული, როცა კონკრეტულ ინვესტორს ეთქვა, რომ არ შემოსულიყვნენ პროექტში“,- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.