ხელისუფლებას შეეძლო ხელშეკრულება ნახევარი წლის წინაც გაეწყვიტა, მაგრამ დროის გაწელვაც კი გამოიყენა ანაკლიის პროექტის უფრო დასაზიანებლად - ეს რუსეთის ხელისუფლების დავალების შესრულებაა და ფაქტობრივად, დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა მოსალოდნელი იყო.
„მთელი წლის განმავლობაში პროცესი აქეთკენ მიდიოდა. ხელისუფლებას შეეძლო ხელშეკრულება ნახევარი წლის წინაც გაეწყვიტა, მაგრამ დროის გაწელვაც კი გამოიყენა ანაკლიის პროექტის კიდევ უფრო დასაზიანებლად. ეს ფაქტობრივად არის რუსეთის ხელისუფლების დავალების შესრულება საქართველოს ხელისუფლების მიერ და ფაქტობრივად, დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე. ანაკლიის პროექტის განხორციელება რომ არ უნდოდათ, იქიდანაც ჩანს, რომ მთავრობამ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები - უნდა გაეყვანა საავტომობილო გზა ანაკლიის პორტამდე და არათუ არ გაუყვანია, მისი პროექტირებაც არ არის დაწყებული. ეს რომ განხორციელდეს, დაახლოებით 3-4 წელიწადი დასჭირდება, მაშინ, როდესაც გეგმის მიხედვით ანაკლიაში გემი უნდა შემოსულიყო 2020 წლისთვის ანუ, რა აზრი ექნება გემის შემოსვლას, თუ ტვირთები არ იქნა მიერთებული რკინიგზასთან? ასე რომ, აქედანვე ჩანდა, რომ ხელისუფლება არ აპირებდა ამ პროექტის განხორციელებას და შემდეგ უკვე მან მიმართა იმ ხრიკებს, რომელიც დღეს მიმდინარეობს „ანაკლიის კონსორციუმის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ; დააფრთხო ყველა სავარაუდო პარტნიორი, დააფრთხო ყველა ინვესტორი, იძულებული გახადა, პროექტი დაეტოვებინა ამერიკულ კომპანიას და საბოლოო ჯამში, დაიკარგა 7 წელიწადი“, - აღნიშნა გოცირიძემ.
მისივე თქმით, სამომავლოდ კონკურსის გამოცხადებასაც არ ექნება შედეგი, რადგან ესეც დროის გაწელვის ხერხი იქნება.
„ამბობენ, რომ მომავალში გამოცხადდება ახალი კონკურსი და ა.შ. ესეც დროის გაწელვის ერთ-ერთი ფორმაა - მასში არავინ მიიღებს მონაწილეობას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე და თუკი ეს პროცესი დაიწყება, კვლავ მრავალწლიანი ასე ვთქვათ, ხრიკი იქნება. თუ დაიწყება, ისევ დროის გაწელვის გამო, რათა საბოლოოდ შეასრულონ ის ამოცანა, რაც მათ წინაშე დგას. ამ ხელისუფლების პირობებში ეს პროექტი არასდროს განხორციელდება, ნულოვანია შანსი. ძალიან დიდი დრო არის დაკარგული, სამწუხაროდ, დიდი ზიანი მიიღო ამ პროექტმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არის სიცოცხლისუნარიანი და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ეს პროექტი, ადრე თუ გვიან, მაინც აშენდება, მაგრამ ეს ადამიანები, რომელთაც ზიანი მიაყენეს ქვეყანას, აუცილებლად დაისჯებიან“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს.