სამართალი რომ იყოს, დღეს სასამართლო პროცესი საერთოდ უნდა დამთავრებულიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ეროვნული ბანკის 3 შემმოწმებელი დაიკითხა, რომლებმაც „თიბისი ბანკში“ შემოწმება 2018 წელს ჩაატარეს.
როგორც ზვიად კორძაძე განმარტავს, დაკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათ ფულის გათეთრება არ აღმოუჩენიათ.
„წინა სხდომაზე და დღევანდელ სხდომაზე 4 შემმოწმებელი დაიკითხა იმ აქტის გარშემო, რომელიც იდეაში, ამ საქმის საფუძველია. სამართალი რომ იყოს, დღეს სასამართლო პროცესი საერთოდ უნდა დამთავრებულიყო, იმიტომ რომ ბრალდების ყველაზე მნიშვნელოვანმა მოწმეებმა თქვეს შემდეგი რამ, რომ არსად არ ფიქსირდება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერა სესხის გაცემის დროს, არსად არ ფიქსირდება მათი გადაწყვეტილება და რამე ჩარევა სესხის გაცემასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ სიტყვა სესხის ჩამოწერა თურმე, სწორი ტერმინი არ ყოფილა და სესხი გარესაბალანსო ანგარიშზე გავიდა და არავის არავისთვის სესხი არ უპატიებია. აღმოჩნდა, რომ ოფშორულ კომპანიას ფული კი არ წაუღია, პირიქით, შემოუტანია და ამით დახმარებია „თიბისი ბანკს“, რომ მომხდარიყო აღდგენა ხანდაზმულობის ვადის. აღმოჩნდა ისიც, რომ ჩამოწერილი ყოფილა არამარტო ეს სესხი, არამედ სხვა სესხებიც 2008 წლის ომის შემდეგ. ყველა შემმოწმებელმა თქვა, რომ ფულის გათეთრება მათ არ აღმოუჩენიათ, უფრო მეტიც, მათ თქვეს, რომ აღმოეჩინათ ფულის გათეთრება, ისინი ვალდებული იყვნენ ამასთან დაკავშირებით დაეფიქსირებინათ, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, ამ დაკითხვების დროს სახეზე ძალიან მარტივი რამ გვქონდა, შემმოწმებლებმა თქვეს, რომ მათი აზრით დარღვეულია მხოლოდ კონკრეტული რეგულაციები, მათ მეტი არც არაფერი შეუსწავლიათ, რაც მხოლოდ და მხოლოდ ინსაიდერებზე სესხის გაცემას ეხებოდა, ამისთვის „თიბისი ბანკი“ დაჯარიმდა. შესაბამისად, ეს მოწმეები ბრალდების მხარეს თავის მოწმეებად როგორ მიაჩნია და რატომ აქვს იმედი, რომ ამ მოწმეების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა, ჩემთვის გაუგებარია. ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოთხივე შემმოწმებელმა დააფიქსირა, რომ არ ჰქონიათ პრაქტიკაში რომ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციები შეემოწმებინათ, ასევე დააფიქსირეს რომ არ ჰქონიათ პრაქტიკაში, რომ მათ მიერ ასეთ საკითხებზე შემოწმების შემდეგ საქმე წასულიყო სისხლის სამართლის კუთხით“, - განაცხადა კორძაძემ.
„თიბისი ბანკის“ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 14 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.