გიორგი აბაშიშვილმა და კეიჯი მოორმა ინვესტიციების გაზრდაზე იმსჯელეს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში კეიჯი მოორს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. პრეზიდენტის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა ის პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური მიმართულებით აქვს. გიორგი აბაშიშვილმა და კეიჯი მოორმა ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე. თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე საუბრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.