„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ზღვის ეკონომიკური და პოლიტიკური ათვისების პროცესს აჩერებს, არის უკეთეს შემთხვევაში, სახიფათო უვიცობა,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„5 ფაქტი მომავალ მთავრობას თუ რატომ ზღვა:
1. მსოფლიო ვაჭრობის თითქმის 90% ხორციელდება საზღვაო გადაზიდვების მეშვეობით.
2. მეგა ქალაქების აბსოლუტური უმეტესობა ზღვისპირა ქალაქებია.
3. მსოფლიო დოვლათის მნიშვნელოვანი ნაწილი იქმნება ზღვისპირა ქალაქებში.
4. მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს ზღვიდან 100 კმ რადიუსში და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.
5. ქვეყნისთვის, რომლის ორ უშუალო მეზობელს და მთლიანად ცენტრალურ აზიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, განვითარებული ზღვისპირეთი არის დოვლათის შექმნის, გამდიდრების და სიღატაკიდან თავის დაღწევის ყველაზე სწრაფი გზა.
საქართველოს მოსახლეობის 10% ზე ნაკლები ცხოვრობს ზღვისპირეთში, განუვითარებელია როგორც საპორტო, ასევე დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, შესაბამისად აუთვისებელია მსოფლიო დოვლათთან გასასვლელი ჩვენი მთავარი კარიბჭე.
საქართველოს განვითარების შეუქცევადი გზა, ეს არის უპირველესად ზღვის ეკონომიკური და პოლიტიკური ათვისება. ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიც ამ პროცესს აჩერებს არის უკეთეს შემთხვევაში სახიფათო უვიცობა,“- წერს ქადაგიძე.