Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა

კომპანია Boeing-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ავიახაზების კუთვნილი ლაინერის ირანში მომხდარი კატასტროფის მიზეზებზე განცხადება გააკეთა.

Boeing-ის აქციებზე ფასმა 6,02 დოლარით მოიმატა და 337,39 დოლარს მიაღწია ერთ ერთეულზე. ეს მაშინ, როცა თეირანში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს აქციებზე ფასი 4,78 დოლარით შემცირდა.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი არ იყო ტექნიკური გაუმართაობა, არამედ ეს შესაძლოა, ყოფილიყო რაკეტა. "ვეჭვობ, რომ ვიღაცას შეიძლება შეცდომა დაეშვა“, - განაცახდა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამასთან, ამერიკული მედიის ინფორმაციით, უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც 8 იანვარს, აფრენიდან რამდენიმე წუთში, თეირანის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა, ირანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია პენტაგონში, ასევე ამერიკისა და ერაყის დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული საინფორმაციო სამსახური CBS ამერიკულ დაზვერვაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რადარებმა ორი რაკეტის გაშვების შედეგად დატოვებული ინფრაწითელი კვალი დააფიქსირეს, რასაც აფეთქება მოჰყვა.

თავის მხრივ, გამოცემა newsweek-ს პენტაგონის წარმომადგენლებისა და დაზვერვის მაღალჩინოსნების სიტყვები მოჰყავს, რომელთა მოსაზრებითაც, უკრაინული ბოინგი 737-800 რუსული წარმოების რაკეტის მიერ არის ჩამოგდებული.

აქამდე უკრაინული მხარე აცხადებდა, რომ განიხილავს მისი თვითმფრინავის რაკეტის მიერ ჩამოგდების შესაძლებლობას, თუმცა ოფიციალურმა თეირანმა აღნიშნული ვარაუდი უარყო.

ცნობისთვის, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა, რა დროსაც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.

კოკა კვირკველია