"თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა რუსეთის ინტერესებში არ შედის, მაშინ ამ ყველაფერს ყველაზე მეტად ხელი თავად „ანაკლიის კონსორციუმმა“ შეუწყო"

თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა რუსეთის ინტერესებში არ შედის, მაშინ ამ ყველაფერს ყველაზე მეტად ხელი შეუწყო თავად „ანაკლიის კონსორციუმმა“, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა პორტის მშენებლობა და ფაქტობრივად, ქვეყანას 4 წელი დააკარგვინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ის გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას და აღნიშნა, რომ ამას თავად კონსორციუმმა შეუწყო ხელი, ხოლო მთავრობა მათთან პროექტის განხორციელების მიზნით ყველანაირ დათმობაზე წავიდა.

„თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა რუსეთის ინტერესებში არ შედის, მაშინ ამ ყველაფერს ყველაზე მეტად ხელი შეუწყო თავად „ანაკლიის კონსორციუმმა“, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა პორტის მშენებლობა და ფაქტობრივად, ქვეყანას 4 წელი დააკარგვინა. 2016 წელს გაუფორმა სახელმწიფომ მათ ხელშეკრულება, უკვე 2017 წელს კონსორციუმმა დაიწყო ვალდებულებების არშესრულება. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მათ 7-ჯერ გადაუვადეს შესრულების ვადა, 40-მდე ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში, მათივე სასარგებლო ცვლილებებზეა საუბარი. სახელმწიფო წავიდა ყველანაირ დათმობაზე იმისთვის, რომ ეს პროექტი მათი მხრიდან განხორციელებული ყოფილიყო. მაგრამ, ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ დღემდე მათ ვერ მოიზიდეს ინვესტიციები“, - აღნიშნა წილოსანმა.

მისივე თქმით, ანაკლიის პროექტი „ქართული ოცნების“ იდეაა და მათივე დაწყებულია.

„იმისთვის, რომ ამ პროექტისთვის განსაკუთრებული დატვირთვა მიგვეცა, ანაკლიის პორტის თემა ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რითიც კიდევ უფრო მაღალი გარანტიის სტატუსი მივეცით, ამიტომ სხვა ინტერპრეტაცია სრულიად ალოგიკურია. მე ვერ წარმომიდგენია, თუ ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი წევრი ვინმეს აპატიებდა მთავრობისგან იმდენ წახალისებას ან ხელშეწყობას, რამდენიც „ანაკლიის კონსორციუმს“ იმისთვის, რომ პროექტი განეხორციელებინა და დაესრულებინა“, - განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, 9 იანვარს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.