სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„პროექტის მიზანი იყო ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერება, საქართველოში ბაზარზე პროდუქტის უსაფრთხოების ზედამხედველობის სისტემის განვითარება ევროკავშირის კანონმდებლობასა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით.
დაძმობილების პროექტმა, საქართველოს შესაძლებლობა მისცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან მიეღო ცოდნა, გამოცდილება და უნარები, მჭიდრო თანამშრომლობის გზით პროექტის საქმიანობისა და მოსალოდნელი შედეგების მიღწევაში.
აღნიშნული პროექტი დაეხმარა ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს:
მისი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებაში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესახებ კონსულტაციებითა და მთელი რიგი ევროდირექტივებისა და რეგულაციების მეშვეობით, მაგალითად: სათამაშოების, მანქანა-დანადგარების, ინდივიდუალური დამცავი საშუალებების, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებისა და სხვა პროდუქტის კატეგორიის პროექტის ინიცირების დაახლოების შესაბამისობის უზრუნველყოფაში, სააგენტოს ინსპექტორების ცოდნისა და უნარების ამაღლებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტების მიერ ცოდნის გადაცემით ჩატარებული ტრენინგების, სემინარების, საპილოტე სწავლებების და საქართველოს საზღვრებს გარეთ სასწავლო ვიზიტების საშუალებით.
სხვა ორგანიზაციებს, ბიზნესებსა და მომხმარებლებს შორის პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე ზედამხედველობის ცოდნის ამაღლებაში საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო შეხვედრებისა და სემინარების მოწყობით, (თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ბათუმისა და ქუთაისის ჩათვლით), სააგენტოს ვებ-გვერდისა და ფეისბუქის გვერდის განვითარებით, საინფორმაციო და საკონსულტაციო ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეოს დამზადებით.
პროექტი 24 თვის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდებოდა. მისი საერთო ღირებულება 1 500 000 ევროს შეადგენდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.