„კირნათი ჰესის“ მშენებლობის პროექტის სრულად დასრულების გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
„პროექტი, მისი მასშტაბი და ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვანია რეგიონისა და ქვეყნისთვის. იგი პოზიტიურ სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას იქონიებს რეგიონზე და წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს შემდეგი გარემოებების გამო: „ჰესები“-ს საერთო სიმძლავრე მიაღწევს - 98.731 მეგავატს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას და გააუმჯობესებს საქართველოს ენერგობალანსს.
დღეის მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოსაგან ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი და „კირნათი“ ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად აუცილებელია პროექტის არეალში მოქცეული, დარჩენილი მიწის ნაკვეთების (ზედ არსებული შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავების) გამოსყიდვა,“-აღნიშნულია ბრძანებაში.
თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად რამდენიმე მოქალაქესთან, ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. კერძოდ, საუბარია, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში მდებარე ლელა დიდმანიძის, ნებიე, რაულ და სულიკო დიდმანიძეების თანასაკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 423 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.