2019-2020 წლებში ევროკავშირის ტერიტორიაზე ციტრუსის წარმოება 12,7%-ით შემცირდა, რაც სავარაუდოდ, იმპორტის ზრდას გამოიწვევს. USDA-ს ანგარიშის თანახმად, მოსავალი იკლებს ესპანეთში და იტალიაში, ამის მიზეზი კი, შემოდგომა-ზამთარში ძლიერი წვიმები და ბაღების ფართობების შემცირებაა.
როგორც Fruit news-ი Freshfruitportal-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ევროკავშირში ციტრუსის ყველაზე დიდი მწარმოებლები ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, პორტუგალია და კვიპროსი არიან. ამასთან, ესპანეთში წარმოება სავარადოდ, 19%-ით შემცირდება, ხოლო იტალიაში - 20%-დე.
აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ფორთოხლის წარმოების 80% იტალასა და ესპანეთზე მოდის.
„აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლიანი უწყვეტი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, მწარმოებლები ციტრუსიდან გადადიან უფრო მომგებიანი კულტურების წარმოებაზე, ისეთებზე როგორიცაა ხურმა და ავოკადო“,-ნათქვამია USDA-ს ანგარიშში.
ამავე მონაცემებით, 2020 წლის პროგნოზი კი ასეთია, ევროკავშირში ფორთოხლის წარმოება 10%-ით შემცირდება (2018-2019 წლის სეზონებთან შედარებით), მანდარინის - 17,7%-ით, ხოლო ლიმონის - 12,6%-ით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მანდარინის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია. როგორც მწარმოებლების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამის ძირითადი მიზეზი მისაღები პირობები და გამარტივებული ტრანპორტირებაა, რაც ევროკავშრის ბაზრის შემთხვევაში, გართულებულია.
თუმცა მწარმოებლელი აცხადებენ, რომ ევროკავშირიდან დაინტერესების შემთხვევაში, ისინი მზად არიან მანდარინის ექსპორტი ევროპაშიც განახორციელონ, რადგან ხარისხთან დაკავშირებით მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებენ.
შპს „ქართული მანდარინის“ დირექტორი დავით კეკელიძე: - „სიმართლე გითხრათ, ჩვენც გვაინტერესებს და მუდმივად თვალს ვადევნებთ, თუ როგორია ციტრუსზე მსოფლიო მოთხოვნა. თუმცა, ეს იმდენად არასტაბილური თემაა, წინასწარ გათვლას ვერ გააკეთებ და ვერც იმას განსაზღვრავ, პროდუქტზე სად როგორი მოთხოვნა იქნება. მაგრამ, როგორც ვიცი, იყო ერთი კომპანია, რომელმაც სლოვენიაში გაიტანა. ჩვენ ისევ ტრადიციულ ბაზრებზე გავედით, მხედველობაში მაქვს რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა. თუმცა ძირითადი რუსეთის ბაზარია, რომელსაც რეგულარულად მიაქვს და ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.
გარდა ამისა, ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა, უბრალოდ წელს ვერ მოესწრო, გალფის ქვეყნებთან. კერძოდ, დუბაისთან, ბაჰრეინთან და ა.შ ძალიან მოწადინებული არიან, თუმცა, პროცესში გვიან ჩაერთნენ და წელს ვეღარ მოესწრო თანამშრომობა. მომავალ სეზონზე კი აუცილებლად ვიმუშავებთ აღნიშულ ბაზრებზე.
რაც შეეხება ევროპას, აქ გარკვეული სირთულეებია ტრანპორტირებასთან და გარკვეულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, თუმცა, თუ გარკვეულ რაოდენობებზე შეთანხმებას მივაღწიეთ, ჩვენ ამის პრობლემა არ გვექნება. თავისუფლად შეგვიძლა ევროპული ხარისხის შეფუთვა გავაკეთოთ“, - ამბობს ექსპორტიორი.
რაც შეეხება ზოგადად მოსავალს, როგორც დავით კეკელიძე აღნიშნავს, წელს განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის კონცენტრატი იყო.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ექსპორტიორებზე ვყიდით მანდარინს, ამ დრისთვის კი, დაახლოებით, 430 ტონა პროდუქტის რეალიზაცია მოვახდინეთ. ჩვენი ძირითადი მიმართულება იყო კონცენტრატის დამზადება, სადაც 2000 ტონა არასტანდარტული მანდარინი გადავამუშავეთ.
ფაქტობრივად, გეგმა სრულად შევასრულეთ. ამასთან, წელს ძალიან კარგი ხარისხის მანდარინი გვქონდა“,-აღნიშნავს დავით კეკელიძე.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორამციით, 19 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 21,333 ტონა შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 20,085 ტონა.
უწყების ინფორმაციითვე, საექსპორტო ქვეყნებს ოთხი ახალი ბაზარი დაემატა. წელს პირველად ექსპორტი განხორციელდა ლიეტუვაში (120,9ტ), სინგაპურში (0,1ტ), კატარში (0,4ტ) და სლოვენიაში (158,2ტ).
ამასთან, 19 დეკემბრის მდგომარეობით რუსეთში ექსპორტირებულია 13,075.3 ტონა, უკრაინაში 4,047.2 ტონა და სომხეთში 3,333.6 ტონა მანდარინი.
აქვე აღსანიშნავია, რომ წელს მანდარინის ფასი 0,70 თეთრიდან 1,50-ლარამდეა. სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის ოდენობა კი 5,536 ტონაა.