„ბიზნესს სჭირდება წესები, რომლებიც შეხვედრების გარეშე მუშაობს და არა წესები რომლებიც შეხვედრების დროს ყალიბდება“
თემურ ჭყონია ქართველ ბიზნესმენთა იმ წრეს განეკუთვნება, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს ყველაზე კარგად იცნობენ. იგი წლებია ბიზნესშია და ხელისუფლებებისა თუ პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად საკუთარ საქმიანობას ეფექტურად აგრძელებს.
როგორია მისი თვალით დანახული 2019 წელი, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ბიზნესი, რამ განაპირობა ქვეყანაში ინვესტიციების კლება, როგორ უნდა მოვაგვაროთ არსებული უმუშევრობის პრობლემა და რა გეგმები აქვს 2020 წელს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსებს“ „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია ესაუბრა.
– მოდით შევაჯამოთ 2019 წელი, რით იყო იგი გამორჩეული ბიზნესისთვის, რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ბიზნესსექტორი მიმდინარე წელს?
– ჟურნალისტებისგან ყოველი წლის ბოლოს მსგავსი კითხვა მესმის – თუ რა პრობლემები ჰქონდა ბიზნესს მიმდინარე წელს, რაც სამწუხაროდ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას სათანადო პროგრესი ჯერ კიდევ არ აქვს. რაიმე ძირეული რომ იცვლებოდეს ქვეყანაში, შესაბამისად კითხვაც შეიცვლებოდა შინაარსობრივად. ფაქტია, რომ ჟურნალისტებიც, საზოგადოებაც და ყველა გრძნობს, რომ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა არსებობს და ამ პრობლემების ახსნა გსურთ ჩემგან. რეალურად, ბიზნესშიც ზუსტად იგივე პრობლემებია რასაც საზოგადოება ხედავს. ბიზნესიც იგივე საზოგადოებაში ცხოვრობს, იგივე პრობლემები აქვს, მოთხოვნილებაც იგივეა, პრობლემებიც შეფასებაც მეტნაკლებად ერთნაირი გვაქვს.
2019 წელს ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ მედია და საზოგადოება იშვიათად საუბრობდა ბიზნესის განვითარებაზე, განათლებაზე, წარმატებებზე, პოზიტივზე. არადა, თუ პოზიტივი არ გვექნება არანაირი საქმე არ გამოვა. 2019 წელი სამწუხაროდ აგებული იყო ნეგატივზე. მუდმივად ვსაუბრობდით პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც ამა თუ იმ ეტაპზე ქვეყანაში მიმდინარეობდა. 2020 წელს ნებისმიერი ადამიანი უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი პოზიტივი დაინახოს, მათ შორის ნეგატივშიც.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ მთელი ეკონომიკა აგებულია ბიზნესის წარმატებაზე, მაგრამ ეს არის მხოლოდ საუბარი. ეს არ არის იდეოლოგია, ეს არ არის განწყობა, ეს არის ჩვეულებრივი საუბარი, რათა საეთერო დრო შეივსოს. მედიის ძირითადი თემა მუდმივად არის პოლიტიკური პროცესები და სამწუხაროდ ხშირად ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე კითხვით მიდის საუბარი სხვადასხვა პოლიტიკოსებთან.
-2019 წელს საკმაო კლება გვქონდა ინვესტიციებში. თქვენი შეფასებით, რამ განაპირობა აღნიშნული ფაქტი და რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო აღნიშნული სიტუაციის გამოსასწორებლად?
ინვესტიციებზე საუბრისას ჩვენ გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ადგილობრივი ინვესტორები. არადა ადგილობრივი ბიზნესმენები არიან სწორედ ის ადამიანები, ვინც ძირითადად ქვეყანაში ეკონომიკურ დოვლათს ქმნიან. უნდა ჩამოყალიბდეს ურთიერთობები, ადგილობრივი ბიზნესმენები მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაკმაყოფილებულნი, ხელი შევუწყოთ მათ, რომ ზუსტად იგივე პირობებში ჩადგნენ როგორც უცხოელი ინვესტორები – პატივისცემითა და სწორი ბიუროკრატიული გადაწყვეტილებებით.
პირველ რიგში დასათვლელია ადგილობრივი ინვესტორებისგან განსახორციელებელი თუ განხორციელებული ინვესტიციები. უნდა იყოს აქტიური კომუნიკაცია მათთან, იმ ერთ კონკრეტულ ბიზნესმენსაც კი უნდა ვესაუბროთ, რომელიც მაგალითად სავაჭრო ცენტრს ხსნის. მილიონი შედგება თეთრებისგან და ყველა თეთრი დასათვლელია, ყველა ადამიანია პატივსაცემი ვინც ინვესტიციას აკეთებს საქართველოში – ადგილობრივი იქნება იგი თუ უცხოელი. და როდესაც ასეთი დამოკიდებულება გაჩნდება ადგილობრივი ბიზნესმენების მიმართ, უკვე ის ინვესტორებიც, რომლებიც ქვეყანას უყურებენ როგორც საინვესტიციო ადგილს დაინახავენ, რომ ბიზნესი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა საქართველოში.
ვიცი, ამაზე საპასუხოდ მეტყვიან, რომ დღესაც იმართება შეხვედრები ბიზნესმენებთან და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენ გვჭირდება წესები, რომლებიც შეხვედრების გარეშე მუშაობს და არა წესები რომლებიც შეხვედრის დროს ყალიბდება. ჩვენ გვჭირდება წესები შეხვედრების გარეშე. ბიზნესთან უნდა იმართებოდეს მხოლოდ საქმიანი შეხვედრები და არა შეხვედრები – შეხვედრებისათვის.
-დასაქმება ქვეყანაში დღემდე ერთერთ მთავარ პრობლემად რჩება, თქვენი შეფასებით რამდენად აქვს საქართველოს იმის რესურსი რომ შექმნას სათანადო რაოდენობის სამუშაო ადგილები?
მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილები შექმნას. მაგალითად ავიღოთ სოფლის მეურნეობა – რატომ ვერ ქმნით ქვეყანაში იმდენს დოვლათს, რომ არ გვქონდეს იმპორტის ასეთი მაღალი მაჩვენებელი. არადა, ფაქტია, რომ ამის ბუნებრივი პოტენციალი გვაქვს, არსებობს პროდუქციის გასაღების ბაზრები – მაშინ რა გვაკლია? გვაკლია პროდუქტი, რომელსაც ქმნიან ადამიანები. ანუ, ერთის მხრივ უმნიშვნელოვანესი პრობლემაა პროფესიონალების ნაკლებობა და მეორეს მხრივ სახელმწიფოს არ გააჩნია ამა თუ იმ სექტორის განვითარების სტრატეგია.
თუ გვსურს რომელიმე დარგის აღორძინება, რათა მან ჩაანაცვლოს იმპორტი, ეს დარგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა იყოს გადასახადებისგან სრულად განთავისუფლებული. უნდა შევქმნათ განსხვავებული საგადასახადო სისტემა, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შესაბამისი ეკონომიკური ზონებიც.
მაგალითად, თუ გვსურს შევამციროთ კარტოფილის იმპორტი – ეს დარგი გარკვეული პერიოდი უნდა გავანთავისუფლოთ გადასახადებისგან, გავხადოთ იგი მიმზიდველი და როდესაც იმპორტი შემცირდება და პროდუქციის წარმოებაც მაღალ ნიშნულს მიაღწევს, შეგვიძლია დავაბრუნოთ სტანდარტულ საგადასახადო პოლიტიკაზე. ერთის მხრივ, უნდა გვქონდეს საგადასახადო შეღავათები, რომელიც ჩამოყალიბდება ამა თუ იმ დარგის სპეციალისტის მიერ და მეორეს მხრივ, პროფესიონალი კადრების მომზადებით მოხერხდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინება.
სამწუხაროდ ჩვენთან საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ბიუროკრატიაში, გვაქვს უამრავი სახელმწიფო საგანმანათლებლო თუ მეწარმეობის ხელშემწყობი სიპი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი რეალურ საქმეს ვერ აკეთებენ. რადგან ვამბობთ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი მოვლაც უფრო მარტივად უნდა მოვახერხოთ. თითოეულ სოფელში, მუნიციპალიტეტში უნდა გამოვყოთ სხვადასხვა პროდუქცია, მოხდეს მათზე ყურადღების გამახვილება, შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და ასე ქვეყნის აღორძინებასაც მოვახერხებთ.
– როდის ამოქმედდება სრულად „კოკა კოლას“ ახალი ქარხანა, რით იქნება იგი გამორჩეული და რა რაოდენობის პროდუქციის გამოშვება იგეგმება?
ახალი ქარხანა სულ მალე ამოქმედდება, დანადგარების 70% უკვე გადატანილი გვაქვს. ქარხანა იქნება „კოკა კოლას“ სისტემაში ერთ ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური, ორიენტირებული ადამიანებზე, ხარისხზე, სწორ მენეჯმენტზე და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. ჩვენ შევქმნით უნიკალურ ტექნოლოგიებს უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში.
იქ სადაც ქარხანა ავაშენეთ, გვაქვს ორი ჭაბურღილი, სადაც მოპოვებული წყალი წარმოუდგენელი შემადგენლობისაა. ჩვენს მიერ გამოშვებული წყლის სამარკო ნიშანი იქნება „კოკა–კოლას“ მიერ რეგისტრირებული სამარკო ნიშანი. იგი შევა „კოკა–კოლას“ პორტფელში და აქედან გამომდინარე გავა ექსპორტზე ბევრ ქვეყანაში.
ჩვენი რეალიზაცია შარშანდელთან შედარებით გაზრდილია, დაახლოებით, 40%–ით, რაც უალკოჰოლო სასმელების ბიზნესისთვის არის წარმოუდგენლად მაღალი შედეგი. ახალი ქარხნის ამოქმედების პარალელურად კი ვაპირებთ, დღიურად ვაპირებთ გამოვუშვათ 1 300 000 ბოთლი. გვექნება საქველმოქმედო მიმართულება, სპორტი, ნარჩენების შეგროვება და ის თემები რაც ძალიან აქტუალურია მსოფლიოში.
ასევე, ქილის არაალკოჰოლური სასმელების წარმოების ხაზი ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენ გვაქვს, აქედან გამომდინარე, ქილებში წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 40% ექსპორტზე გადის ახლაც და ამ ციფრის კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი მომდევნო წელს. ასევე, მომავალ წელს ვამატებთ „კოკა კოლას“ ალუბლით, ვამატებთ სხვადასხვა სახეობის წვენებს. საქართველოში საკმაოდ კარგად ვითარდება წვენების ბიზნესი და შესაბამისად ჩვენც ფეხს ვუწყობთ ამ ტენდენციას. რითიც ყველაზე მეტად ვამაყობ არის ის, რომ ჩვენს კომპანიებს დახლოებით 90–94 მილიონი შეაქვთ სახელმწიფო ბიუჯეტში.
-სულ ახლახანს საბურთალოს „სითი მოლში“ გვერდიგვერდ გაიხსნა „მაკდონალდსი“ და „მაკკაფე“. იქნება თუ არა ეს ეს თქვენი ახალი კონცეფცია და რა სიახლეებია დაგეგმილი „მაკდონალდსის“ მიმართულებით 2020 წელს?
ეს ნამდვილად სიახლეა, თუმცა სამომავლოდ ყველა ახალი რესტორანი მსგავსი ფორმატით გაიხსნება – „მაკდონალდსი“ პლუს „მაკკაფე“. მათ შორის კახეთის გზატკეცილზე და აღმაშენებლის გამზირზე. უკვე დამტკიცებულია ამ რესტორნების კონცეფცია და 2020–ში აუცილებლად გავხსნით მათ. თუ კიდევ მოვიპოვეთ საინტერესო ადგილები, ბუნებრივია ვგეგმავთ დამატებით რესტორნების გახსნას.
ასევე აქტიურად მუშაობს ადგილზე მიტანის სერვისი, რომელიც ერთ–ერთი თანამედროვე სერვისია. მე ვფიქრობ რომ ეს პრიორიტეტულია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენ უფრო მეტად ვართ პრიორიტეტულები „გლოვოსთვის“ და „ვოლტისთვის“. იმიტომ რომ ისენი ჩვენი დამსახურებით შემოვიდნენ საქართველოში და როგორც წესი, სწორედ „მაკდონალდსს“ ებმევა ხოლმე მათი დანარჩენი მომსახურებები.
ესაუბრა გიორგი კაპანაძე
"ბანკები და ფინანსები"