„ეს იქნება თანამედროვე, სიძველის და სისადავის შერწყმა, რაც მთლიანობაში ქმნის სადღესასწაულო და თბილ გარემოს“- განახლებული „დაუნთაუნის“ დიზაინერი

„ძველმა უბანმა, გარემომ და ეზომ მომცა საშუალება, რომ რესტორნისთვის რეალურად განახლებული სახე მიმეცა“, - ამბობს დიზაინერი ნინო არზიანი, რომელმაც „დაუნთაუნის“ ახალ კონცეფციაზე იმუშავა. დიზაინერი აცხადებს, რომ ახალი „დაუნთაუნი“ იქნება ადგილი, სადაც ადამიანებს კომფორტული ურთიერთობის, განტვირთვის და ზოგადად მეტი სოციალიზაციის შესაძლებლობა ექნებათ. განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და უნდათ რაღაც განსაკუთრებული მიირთვან სასიამოვნო გარემოში, და ის ქართველები, რომლებსაც სასიამოვნოდ განტვირთვის და მეტი სოციალიზაციის მოთხოვნილება აქვთ.

განახლებული „დაუნთაუნი“ თბილისში იანვარში გაიხსნება და იქ მისულ სტუმრებს ახალ გარემოს, მენიუს და საინტერესო ღონისძიებებს შესთავაზებს.

„ახალი „დაუნთაუნი“ არის რადიკალურად განსხვავებული ძველი გარემოსგან. ნახევრად ინდუსტრიული სტილის, თანამედროვე ელემენტებით გაფორმებული. აქვს ღია სამზარეულო, სადაც სტუმრებს შეუძლიათ თვალი ადევნონ მზადების პროცესს. სივრცეები ათვისებულია ისე, რომ მაქსიმალურად ხელს უწყობს ერთმანეთში კომფორტულ ურთიერთობას და სასიამოვნო განტვირთვას. არის როგორც პატარა და საშუალო ზომის მაგიდები, ასევე დიდი საერთო სარგებლობის 18-კაციანი მაგიდა, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან უკეთესად იკონტაქტონ და კერძებიც ადვილი გადასანაწილებელი იყოს. მყუდრო განათება, გამწვანება და მხატვრული გაფორმებაც ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რესტორანთან შერწყმულია ღვინის ბარი - Wine Library, სადაც ღვინის სომელიე მასპინძლობს სტუმარს. ეზოში კი განთავსებულია დიდი ბარი, რომელიც ნებისმიერ სეზონზე სტუმრებისთვის საყვარელი ადგილი გახდება. ვფიქრობ, კომუნიკაციისთვის მოხერხებული სივრცეა და ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება ყველა ამინდში“, - განაცხადა არზიანმა.

„დაუნთაუნის“ დიზაინზე მუშაობა ნინო არზიანმა დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო. ამბობს, რომ პროექტის დასრულებისთანავე დაიწყო განახლების სამუშაოებიც და ძალიან მალე დასრულდება.

„რესტორანი ფაქტობრივად, მთლიანად დავშალე. მინდოდა ახალ კონცეფციას და დღევანდელ დღეს მორგებოდა. შედეგს მივაღწიე - ეს იქნება თანამედროვე, სიძველის და სისადავის შერწყმა, რაც მთლიანობაში ქმნის სადღესასწულო და თბილ გარემოს. როგორც შიგნით, ასევე გარეთ სტუმრებს სოციალიზაციის მეტი შესაძლებლობა მიეცემათ. აქ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეპატრონეების მიდგომა საქმისადმი. რეალურად რაც შევთავაზე, ის კეთდება. როდესაც ამოცანა იცი და მფლობელი წინააღმდეგობას არ გიქმნის, საბოლოოდ ძალიან კარგ შედეგს იღებ“, - აღნიშნა არზიანმა.

აღსანიშნავია, რომ რესტორნისთვის აუცილებელი ავეჯი საქართველოშია წარმოებული.

„დაუნთაუნის“ პირველი რესტორანი თბილისში 2010 წელს გამოჩნდა, ტაბიძის ქუჩაზე გაიხსნა და სტუმრებს განსხვავებული ევროპული კერძები შესთავაზა. ამჯერად თბილისში მხოლოდ ერთი რესტორნით არის წარმოდგენილი მარჯანიშვილზე, რომელიც იანვრიდან სტუმრებს ახალ გარემოში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ „დაუნთაუნის“ 50% საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალმა“ შეისყიდა. „სინერჯი კაპიტალის“ თავდაპირველ გეგმაშია რესტორნის განახლებული კონცეფციით გახსნა და უკვე შემდგომ, ქსელის გაფართოება.