ტოიოტა იაპონიაში უახლესი ტექნოლოგიებით, რობოტებითა და მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილებით აღჭურვილ „ჭკვიან ქალაქს“ ააშენებს. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქს Woven City დაერქმევა და 2 000 ადამიანზე იქნება გათვლილი. ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა ის ფუძიამას მთასთან ახლოს, ტოკიოდან 60 კილომეტრის მოშორებით აეშენებინა.
ტოიოტას გენერალური დირექტორის, აკიო ტოიოდას განცხადებით, ქალაქში უახლესი ტექნოლოგიებისა და რობოტების გარდა, დიდი ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიასა და გარემოს დაცვას.
მისი თქმით, Woven City-ში ენერგიას მთლიანად განახლებადი რესურსებიდან მიიღებენ. ამასთანავე ქალაქში უამრავი მწვანე სივრცე და პარკი მოეწყობა.
რაც შეეხება ქალაქის განაშენიანებას, კომპანიამ გადაწყიტა დაპროექტებისას ტრადიციული იაპონური არქიტექტურა გამოეყენებინა.
„ტექნოლოგიის, სოციალური მედიისა და ონლაინ გაყიდვების ხანაში ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა უახლესი, განვითარებული და თანამედროვე ქალაქი, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ საცხოვრებელ გარემო საკუთარი ინტერების მიხედვით მოიწყონ. მათ შეეძლებათ მთლიანი სახლი ღილაკზე თითის დაჭერით ან ხმოვანი სიგნალით მართონ“- განაცხადა ტოიოტას გენერალურმა დირექტორმა აკიო ტოიოდამ.