„ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაიწყო - შეგვიძლია ვთქვათ, რომ  კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანიშვილია“

„მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტი 2014 წელს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაიწყო,“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ამ პროექტში, მათ შორის კომერციული დაინტერესებაც ჰქონდა.

„მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანაკლიის კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია, უბრალოდ მას წარმოადგენდა ერთ-ერთი ე.წ. ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი. თუ გადავხედავთ არქივს, ვნახავთ რომ ეს პიროვნება ჩნდება მხოლოდ მაშინ, სადაც საჭიროა ბიძინა ივანიშვილისთვის გარკვეულ ბიზნესმენებთან შუამავლობა. 2014 წელს ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში იყვნენ: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და დიმიტრი აბდუშელიშვილი. ანაკლიის კონსორციუმში აბდუშელიშვილმა 70 მლნ დოლარის ინვესტირება გააკეთა, ანუ ყველაზე მეტი თანხა როგორც ინვესტორმა, კერძო პირმა, სწორედ მან განახორციელა.

„შესაბამისად, სახეზე გვაქვს სურათი, რომ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან ერთად დაიწყო ეს პროექტი და არსებობს რამდენიმე ვერსია - ივანიშვილს ან წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი რომ „აეფეთქებინა“ მამუკა ხაზარაძე ან დაედო ფსონი და უფრო მაღალი შემოსავლებით გაეყიდა. ასევე კიდევ ერთი ვერსიით, შეიძლება მას გულწრფელად უნდოდა პორტის აშენება, არაპირდაპირ, თუმცა ირიბად ფინანსურადაც ჩაერთო, მაგრამ შემდეგ რუსეთის მხრიდან დაიწყო ზეწოლა ივანიშვილზე და მან უბრალოდ, დატოვა თამაში. ასევე შეიძლება, რომ ივანიშვილმა მიზანმიმართულად დადო ეს ფსონი - იცოდა რომ რუსეთისგან სერიოზული რეაქცია მოყვებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ გეგმავდა რომ სავაჭროდ გამოიყენებდა რუსეთთან ურთიერთობაში.

„როდესაც ივანიშვილი იყო ჩართული, პროექტს ხელისუფლებაც მხარს უჭერდა, თუმცა, უცებ რიტორიკა იცვლება. შემდეგ, დიმიტრი აბდუშელიშვილი და მამუკა ბახტაძე (იმ დროს ფინანსთა მინისტრი) მართავენ კონფერენციას, რომ აბდუშელიშვილის ინვესტირებით (თუ ზუსტად მახსოვს 22 მლნ დოლარი) ხდება ბათუმის პორტის განვითარება. ხომ ინტერესთა კონფლიქტია?! ადამიანი არის ერთ-ერთი ინვესტორი ანაკლიის პორტში და შემდეგ ფინანსთა მინისტრთან (ჯერ კიდევ არ იყო მაშინ ბახტაძე პრემიერი) ერთად აწყობს კონფერენციას, რომ ბათუმის პორტში განახორციელებს ინვესტირებას. ეს იყო 1-ლი სიგნალი რომ თამაშის წესები არის შეცვლილი, შემდეგ პრემიერიც იცვლება და იცვლება მთლიანად ხელისუფლების რიტორიკაც.

ჩემი აზრით, მამუკა ხაზარაძის როგორც ბიზნესმენისთვის მთავარი ერთადერთი შეცდომა იყო, ის რომ მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილთან შევიდა და ვერ გათვალა, რომ ის ღირებულბები რაც მისთვის მნიშვნელოვანია, ივანიშვილისთვის არ წარმოადგენს მნიშვნელოვანს. ესენია: საერთაშორსო დონეზე ურთიერთობები და ავტორიტეტი. შედეგად, მამუკა ხაზარაძე დარჩა მარტო და ის ან უნდა გადაქცეულიყო რიგით „გადამგდებად“ და გამოეცხადებინა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომ გადაიფიქრა პორტის მშენებლობა, (ივანიშვილი არც კი ფიგურირებდა და მისთვის ეს არანაირ პრობლემას წარმოადგენდა. ხაზარაძისთვის კი ეს სერიოზული დარტყმა იქნებოდა) ან მარტოს გაეგრძელებინა ეს პროექტი.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხაზარაძის გაჩერება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ძვირი დაუჯდა, რადგან მან დამოუკიდებლად მაინც შეძლო რომ გარკვეულ ეტაპამდე აეწია ეს პროექტი და იძულებული გახდა „ქართული ოცნება“, რომ საქმეც კი აღეძრა, რათა ის გარკვეული დოზით დაემუხრუჭებინა,“- განაცხადა ურუშაძემ.

თაია არდოტელი