2 900 ლარი მხოლოდ კომუნალურებზე - რა ღირს თბილისში გაზის, დენის და წყლის ახალ აბონენტად დარეგისტრირება

თბილისში დენის ახალ აბონენტად დარეგისტრირების გაძვირების შემდეგ, ტარიფმა მოიმატა გაზზეც. 2020 წლის იანვრიდან გაზის ახალ აბონენატ რეგისტრაცია 400-დან 800 ლარამდე გაძვირდა.

უფრო ადრე, 2019 წლის სექტემბრიდან 600 ლარი გახდა დენის ახალ აბონენტად რეგისტრაცია.

რაც შეეხება წყალს, დღეის მდგომარეობით, თბილისში წყალკანილიზაციასთან მიერთების (წყალარინები) მინიმალური ფასი - 1500 ლარია და ის მილების დიამეტრების შესაბამისად იზრდება. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ახალ აბონენტად რეგისტრაციის საფასური GWP-მაც გაზარდოს. ყოველ შემთხვევაში, როგორც კომპანიის ცხელ ხაზზე გვითხრეს, „საფასური სავარაუდოდ გაიზრდება, მაგრამ ზუსტად როდის, ვერ გეტყვით".

გამოდის, რომ ჯამში სულ ცოტა 2900 ლარია საჭირო იმისათვის, რომ სახლი წყლით, გაზით და დენით უზრუნველყოთ.