2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურისტების განსაკუთრებული ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან დაფიქსირდა.
„2019 წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სირთულეებით. მთავრობისა და კერძო სექტორის დაუღალავი მუშაობით ჩვენ ერთობლივად შევძელით აღმოგვეფხვრა ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები. კერძო სექტორთან აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობით დიდი სამუშაო გავწიეთ და შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა, ასევე, გავატარეთ მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა, როგორიცაა მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლება, მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტის შექმნა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. შედეგად 2019 წლის ბოლოს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურისა და ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან და ფაქტობრივად ყველა იმ ქვეყნიდან, რომელთა შესახებაც ჩვენ 2019 წლის დასაწყისში საჯაროდ განვაცხადეთ, რომ დავიწყებდით აქტიურ კამპანიებს.
მინდა გითხრათ, რომ წელს ვაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და ყველა აქტივობას, რომ მოხდეს ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ტურიზმისა და შემოსავლების გაზრდა, დასაქმების ხელშეწყობა.
ჩვენი მიზანია ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია, ახალი ბაზრების ათვისება, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რომ ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ბიზნესებს და ამ სფეროში დასაქმების მსურველებს",-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მათივე ინფორმაციით, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტთა ვიზიტი საქართველოში 7.8%-ით გაიზარდა.
„საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 7,725,774 შეადგინა, ზრდა +7.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,080,478 შეადგინა, რაც 323,658-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ზრდა +6.8%. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) შედგა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევიან ის ქვეყნები, სადაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანია გამართა, შედეგად დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია +38.1%, პოლონეთი +32%, საფრანგეთი +28.4%, გაერთიანებული სამეფო +27.5%, ნიდერლანდები +25.8% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +101.9%, ყირგიზეთი +99.6%, ყაზახეთი +75.7%, ჩინეთი +50.9%, საუდის არაბეთი +44.9%, ქუვეითი +34.7% და სხვა.
2019 წლის დეკემბერში საქართველოში 667,612 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +16.4%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 534,732 შეადგინა, ზრდა +16.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 312,046 შეადგინა, რაც 41,821-ით მეტია 2018 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +15.5%).
2019 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი სომხეთიდან (+25.8%), აზერბაიჯანიდან (+8.8%), თურქეთიდან (+19.7%) და რუსეთიდან (2.6%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ:
პოლონეთი +82.8%, იტალია +77.4%, ლიეტუვა +33%, საფრანგეთი +26.5%, გერმანია
+25.1% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:
ყაზახეთი +177.2%, ყირგიზეთი +191.6%, ისრაელი +63.8%, ჩინეთი +54.1% და სხვა.
წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 217 მილიონ დოლარს (ზრად +5.4%), რაც 11 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.