წარმოუდგენლად მიმაჩნია პროექტის გაჩერება ამ ეტაპზე და შემდეგ, რაღაც ახალი ტენდერის გამოცხადება იმიტომ, რომ დავა გამოიწვევს ანაკლიის პროექტის გადადებას, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს ამერიკელი ინვესტორი, რომელიც მზად არის პროექტის განხორციელება ბოლომდე მიიყვანოს.
„ანაკლიის პორტი ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის მომავლის განვითარებას, ამიტომ ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში, როგორიც დღეს შეიქმნა, ჩვენ ძალას არ ვზოგავთ უცხოელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რომ დადგეს ერთი შედეგი - ანაკლიის პროექტი არ გაჩერდეს. პროექტის გაჩერება რანაირი მიზეზითაც არ უნდა მოხდეს, გამოიწვევს პროექტის გადადებას დროში და ჩვენ დავკარგავთ ბიძგს. იმედი გვაქვს, რომ ამ მომენტს ქართველი ხალხი არ გაუშვებს, ამაში ვგულისხმობ ჩვენს თავსაც, მთავრობასაც და იმ ხალხს, ვინც ამ პროექტით უნდა მიიღოს სიკეთე და გამარჯვება.
ჩვენზე შემოტევა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ნათლად აჩვენებს, რომ იყო ანაკლიის პორტით გამოწვეული. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არსებობს ამერიკელი ინვესტორი, რომელთანაც ჩვენ ერთი წლის წინ გვქონდა შეთანხმება მიღწეული და რომელიც მზად არის ეს პროექტი მიიყვანოს ბოლომდე. მაგრამ თქვენ გახსოვთ, რომ ერთი წლის წინ და ახლაც ამ პოზიციაში ვართ, რომ გამოგვაცხადეს ფულის გამთეთრებლებად და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკება ბოლომდე არ მისულიყო“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტი რუსული პორტების პირდაპირი კონკურენტია.
„ანაკლიის პორტი არის პირდაპირი კონკურენტი „ნოვოროსისკის“ და დღეს იცით, რომ „ნოვოროსისკის“ ჩრდილოეთ მეორე პორტის მშენებლობა მიმდინარეობს. ანაკლიის პორტი არის პირდაპირი კონკურენტი რუსული პორტების, შესაბამისად, ანაკლიის პორტის გახსნით ჩვენ რუქაზე ვიკავებთ საკმაოდ სერიოზული მოთამაშის ადგილს და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ხდება რეგიონში სერიოზული მოთამაშე, როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო და ჩვენ გვეხსნება არტერია, რომ ეკონომიკა წამოვწიოთ წინ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ გუშინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა.