ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი მხარდაჭერის  შედეგები შეაჯამეს

ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი მხარდაჭერის შედეგები, პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დახურვის ღონისძიებაზე შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, ვინსენტ რეი.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის ექსპერტები, მათ შორის ლიეტუვას რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოში კონკურენციის აღსრულების გასაუმჯობესებლად, ინტენსიურად მუშაობდნენ, როგორც კონკურენციის სააგენტოსთან, ასევე სხვა დაინტერესებულ უწყებებთან. კერძოდ: საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე მომზადდა რეკომენდაციები და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის გაიმართა სემინარები. სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ჩატარდა 40-ზე მეტი ტრენინგ კურსი, დარგობრივი მარეგულირებლებისთვის განხორციელდა საჭიროებებზე მორგებული სემინარები. კონკურენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა 30-ზე მეტი კონფერენცია და გამოიცა სახელმძღვანელო დოკუმენტები. პროექტის ხელშეწყობით, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლობა გაძლიერდა საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ სტრუქტურებთან.

“მივესალმებით, საქართველოს კონკურნციის კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირებას, რაც კანონმდებლობას ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოებს და სარგებელს მოუტანს ბიზნესსა და მოქალაქეებს, მოუთმენლად ველით პარლამენტის მიერ ცვლილებების პროექტის დროულ დამტკიცებას” ,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ.

„საქართველოში კონკურენციის აღსრულების გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ მიერ 100-ზე მეტი აქტივობა განხორციელდა და არაერთი მნიშვნელოვანი, ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჭი გადაიდგა. მადლობა პროექტის ფარგლებში მონაწილე ყველა წევრს მხარდაჭერისათვის და თანამშრომლობისათვის. დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მთავარი გამოწვევა არის ეფექტური, სრულყოფილი კანონმდებლობა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხი, რომელსაც წლების მანძილზე დაგროვებული ქეისების შედეგები განსაზღვრავს“, – საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

შეხვედრაზე, პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა აურელიო ანტონიო ლა ტორემ და მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს პროექტის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს კონკურენციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი და გზამკვლევი დოკუმენტი - „სასამართლო კონტროლი კონკურენციის სამართლის სფეროში - ევროკავშირის პრაქტიკა“.

ღონისძიებას, 100-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.