ეს, ბახტაძე რომელია, პრემიერ-მინისტრი რომ იყო, „ფეისბუქით“ რომ მოვიდა და „ფეისბუქით“ რომ წავიდა?! იქნებ, გამახსენოთ მის დროს გაკეთებული რაიმე საქმე, ან რკინიგზაში, რომელსაც დღეს 800 მილიონი ვალი აქვს,
- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „მამუკა ბახტაძე იმდენად დაკარგული იყო და არავინ კითხულობდა, ეტყობა ახლა ბიძინა ივანიშვილის გულის მოგება უნდა, რომ „ქამ ბექი“ გააკეთოს, რომ რაღაცნაირად იქნებ თანამდებობა მისცენ“.
„გინახავთ რკინიგზის ვაგონები?! გინახავთ, რა მდგომარეობაშია რკინიგზა?! მოდით, ჯერ შევაფასოთ, რატომ გახდა პრემიერ-მინისტრი. რამე დამსახურება ჰქონდა ფინანსთა მინისტრობისას რამე კარდინალურად შეცვალა ეკონომიკისა და ფინანსებისთვის?! შიდა და გარე ვალი ორნახევარჯერ გაგვეზარდა. მარტო კომენტატორი ხომ არ უნდა გახდე, როცა პრემიერ-მინისტრი ხარ, რაღაცით, ხომ, უნდა მოიწონო თავი, რაღაც ხომ უნდა თქვა.
რაც შეეხება 500%-იან სესხებს, ეს სწორედ მაგ დროს გაჩენილი ონლაინ და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების კრედიტებია. მანახეთ, რომელ 500%-იან სესხს არ რიცხავს ქართული საბანკო სისტემა. კიდევ ვიმეორებ, რამდენჯერაც არ უნდა თქვან, ქართული საბანკო სისტემა არის ყველაზე გამართული არამარტო ამ რეგიონში. სირცხვილი იმ ბანკირებს, რომლებიც გამოდიან და არ იცავენ თავიანთი მუნდირის ღირსებას და არიან ჩუმად, იმიტომ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც შექმნეს ყველაზე გამართული საბანკო სისტემა მსოფლიოში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ქართულ საბანკო სისტემაში დასაქმებულია 45 000 ადამიანი.
„ასეთი განცხადება რომ კეთდება (ყოფილი) პრემიერ-მინისტრისაგან და დაიწყო ანტისაბანკო რიტორიკა, იმიტომ არის, რომ ახლა იმ რეგულაციების შეცვლაზე ფიქრობენ. იმ რეგულაციამ ყველაფერი დაანგრია. ის 500% -იანი მოიკითხოს იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ, რომლებმაც ხალხი გაატყავეს. ამას ნუ ურევენ. წინასაარჩევნოდ უნდოდათ, რაღაცისთვის დაებრალებინათ და ეს ყველაფერი ქართულ ბანკებს დააბრალეს. თუ პროფესიონალურად ვლაპარაკობთ, ვილაპარაკოთ პროფესიონალურად. ბახტაძემ მიხედოს იმ გაფუჭებულ საქმეებს, რაც რკინიგზაში მოხდა, რომელიც ხელიდან ხელში გადადის „ქართუს“ თანამშრომლებში. ამიხსენით, ყველა სპეციალისტი რატომ უნდა იყოს „ქართუდან“?! რკინიგზის სამსახურია „ქართუში“, რკინიგზა იციან თუ რა?! ჩაგიხედავთ საერთოდ, რა ხდება რკინიგზაში?!", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, მამუკა ბახტაძე „არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოვიდა „ფეისბუქით“ და ისე წავიდა, ვერც გავიგეთ“.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისა და აღნიშნულ თემაზე პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა, რომელითაც მამუკა ხაზარაძე სიცრუეში დაადანაშაულა.