ყოფილი მეტალურგიული ინსტიტუტის შენობის ბაზაზე სასტუმრო აშენდება

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ყოფილი მეტალურგიული ინსტიტუტის შენობის ბაზაზე თანამედროვე ტიპის სასტუმრო აშენდება.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, შესაბამისი საკითხი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

"ამ შენობის ბაზაზე იგეგმება 25,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და 150 ადგილიანი თანამედროვე ტიპის სასტუმროს აშენება", - განაცხადა კვირიკაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე ინვესტორმა უკვე გამოთქვა.

გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ონის რაიონში მეცხოველეობის მიმართულებით შვეიცარული კომპანიის ინვესტიცია განხორციელდება.

"შვეიცარული კომპანია გეგმავს 5 ათასი ძროხის ჩამოყვანას და ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარების შედეგად პროდუქტიული ადგილობრივი ჯიშის გამოყვანას. პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი ფერმერების ჩართვაა გათვალისწინებული, რაც ძალიან კარგია – რაჭველ ფერმერებს საშუალება ექნებათ შვეიცარელ ბიზნესმენთან თანამშრომლობით შექმნან თანამედროვე, ევროპული ტიპის, მცირე ფერმები. პროექტის განხორციელებისთვის კომპანიას გარკვეული რაოდენობის მიწა გადაეცემა", - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, რაჭაში დაახლოებით 350 ათასი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი.