პირველადი პროგნოზით, C ჰეპატიტის მკურნალობის გეგმა უნდა შეგვესრულებინა 2020 წელს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2-3 წელი დაგვჭირდება, რათა ყველა ეს ადამიანი განიკურნოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოცემული მომენტისთვის გამოვლენილი 101 ათასი ანტიგენ დადებითი ადამიანიდან მკურნალობაში დაახლოებით 16-17 ათასი ადამიანი არ ჩაერთო.
„C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს, არის უპრეცედენტო პროგრამა. საქართველო დღეს არის ავანგარდში და 100 000 მოსახლეზე გადათვლით ქვეყანას აქვს ყველაზე უკეთესი ინდიკატორები და მონაცემები როგორც აქტიურ გამოვლენაში, ისე მკურნალობაში. 2015 წელს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად დიდი კვლევაა ჩატარებული, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 5,4% არის ანტიგენ დადებითი, ანუ ეს აბსოლუტურ რიცხვში არის დაახლოებით 150 ათასი. ჩვენი ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩენებლებია, რომ უნდა გამოვავლინოთ 150 ათასიდან 135 ათასი ადამიანი, ანუ 95%, 128 ათასი ადამიანი უნდა ჩავრთოთ მკურნალობაში და 122 ათასი უნდა განვკურნოთ. დღეს ჩვენ 2,8 მილიონი მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, უკვე სკრინირებული გვყავს დაახლოებით 1 750 000, ანუ 60%-ზე მეტი. მკურნალობაში ჩართულია 65 ათასი ადამიანი, 58 ათასმა ადამიანმა დაასრულა მკურნალობა -98,7%-იანი განკურნების ეფექტით. ეს არის საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, დღეს გამოვლენილია 127 ათასი ანტისხეულ დადებითი ადამიანი, აქედან 27 ათასამდე ადამიანი არ მივიდა კონფირმაციის შემდეგ ეტაპზე.
„დღეს ანტისხეულ დადებითი გამოვლენილი გვყავს უკვე 127 ათასი ადამიანი, აქედან მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა, თხოვნისა 101 ათასი ადამიანი მივიდა კონფირმაციის შემდგომ ეტაპზე, ანუ 27 ათასამდე ადამიანი არ მივიდა და ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ მივიდნენ და იმკურნალონ. იმიტომ, რომ მათ ჯერ სიმპტომები არ აქვთ, ისინი არიან სიმპტომებისგან თავისუფალი ადამიანები მხოლოდ სხეულში აქვთ C ჰეპატიტის ინფექცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.