გერმანიის საავტომობილო წარმოება ბოლო 23 წლის მინიმუმზე დაეცა. ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ავტოინდუსტრიაში პრობლემა ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია.
ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მათ შორის, Volkswagen Group-მა, BMW-მ და Daimler-მა გასულ წელს გერმანიში 4,66 მილიონი ავტომობილი აწარმოეს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1996 წლის შემდეგ.
პროცენტულად კი გასულ წელს ქვეყანამ წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლები ავტომობილი აწარმოა, ამის მთავარი მზიეზი კი საერთაშორისო ბაზრებზე გერმანიაში წარმოებულ ავტომობილებზე მოთხოვნის კლებაა.
VDA-ს ინფორმაციით, 2020 წელი კიდევ უფრო მძიმე იქნება გერმანიისთვის, ვინაიდან მოთხოვნა ახალ ავტომობილებზე ზოგადად იკლებს. 2019 წელს მსოფლიოში 80,1 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდა, 2020 წელს კი ნავარაუდევია 78,9 მილიონი ავტომობილის გაყიდვა.
გერმანიის ავტოინდუსტრიაში პრობლემები ახლა არ დაწყებულა, ის განსაკუთრებით გამძაფრდა 2015 წელს დაწყებული „დიზელგეიტის“ სკანდალის შემდეგ, რომელიც დღემდე გრძელდება. გარდა ამისა, როგორც ცნობილია წამყვან გერმანულ ავტოკომპანიებში მიმდინარეობს სამუშაო ადგილების შემცირება. თუმცა ამავდროულად ამავე ინდუსტრიაში მილიარდობით ევროს ინვესტიციები ხორციელდება ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებისთვის. ინვესტიციები იზრდება უპილოტო და მაღალტექნოლოგიური ავტომობილების მიმართულებითაც.
თავად ქვეყანაში ახალი ავტომობილების გაყიდვები გაზრდილია. 2019 წელს 3,6 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წლის პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია და ზოგადად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ.