"ახალ წელს საქართველოს მთის კურორტებზე ჩასულ ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებლებს უწყლოობაში გატარებული ერთი კვირა, ალბათ, დიდხანს და მწარედ ემახსოვრებათ"
მიუხედავად იმისა, გუდაურსა და ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა მოგვარდა, ამ ახალ წელს საქართველოს მთის კურორტებზე ჩასულ ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებლებს უწყლოობაში გატარებული ერთი კვირა, ალბათ, დიდხანს და მწარედ ემახსოვრებათ. არადა, გვახსოვს, როგორ შეკრიბა დეკემბრის შუა რიცხვებში პრემიერმა საკოორდინაციო ჯგუფი და მთის კურორტებზე პრობლემების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა. მაშინ ითქვა, რომ ჯგუფის წევრები ვითარების შესასწავლად ზამთრის კურორტებზე იმყოფებოდნენ და გაიწერა შესასრულებელი სამუშაოები და ვადები. ფაქტია, ამ კარგად გაპიარებული შეკრებიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ გუდაურსა და ბაკურიანში ხალხი წყალს ცისტერნებიდან ეზიდებოდა, რამაც ზოგ ტურისტს სომალიც კი გაახსენა და საქართველოში კვლავ ჩამოსვლის სურვილი დაუკარგა.
მართალია, საბოლოოდ ყველაფერი მაინც თოვლს, უფრო სწორად კი უთოვლობას დაჰბრალდა, მაგრამ მოხდა უცნაური დამთხვევა - სწორედ ამ პრობლემის გამწვავების დროს თანამდებობიდან წავიდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ეკატერინე გალდავა. ეს არის სახელმწიფო შპს, რომელსაც ქვეყნის ურბანული ტიპის დასახლებებისთვის (გარდა თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) წყალმომარაგება და წყალარინების ქსელით მომსახურება ევალება. კომპანიის თბილისის სათავო ოფისში, 8 რეგიონულ ფილიალსა და 53 სერვისცენტრში 2700-მდე კაცი მუშაობს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს წყლის მოპოვება, დამუშავება და აბონენტებისთვის მიწოდება. როგორც ჩანს, სწორედ ამ კომპანიას დაეკისრა პასუხისმგებლობის ლომის წილი უწყლოდ დარჩენილი ბაკურიანისა და გუდაურის გამო და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
გრიგოლ მანდარია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: - წყალმომარაგების პრობლემა გუდაურსა და ბაკურიანში სრულად აღმოიფხვრა და ჩვენი კომპანია მუშაობს, რათა შეიქმნას ახალი, დამატებითი რეზერვები, გაძლიერდეს სათავე ნაგებობები, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები.
- პრემიერ-მინისტრმა ამ წლის პირველ მთავრობის სხდომაზე ცალკე საკითხად გამოყო გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა. მისი თქმით, გამოიკვეთა როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები, რამაც წყალმომარაგება შეაფერხა. სახელდობრ, რამ გამოიწვია უწყლოობა ბაკურიანსა და გუდაურში?- ჩემთვის ამ ეტაპზე სუბიექტური მიზეზები ცნობილი არ არის. რაც შეეხება ობიექტურ მიზეზებს, გუდაურსა და ბაკურიანში წყლის დებეტის შემცირება უთოვლობამ, უნალექობამ გამოიწვია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წინასწარ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, მაგრამ არავინ ელოდა, რომ წლის ამ პერიოდისთვის არც გუდაურსა და არც ბაკურიანში ნალექი არ იქნებოდა.
- სამომავლოდ მაინც თუ დაიგეგმა პრევენციული ღონისძიებები, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს?
- კომპანიაში არის სრული მზადყოფნა და მობილიზება, რომ მიმდინარე პრობლემები გადაიჭრას. პარალელურად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტებსა და დეველოპერებთან, რათა მომავალში თუ საკურორტო ზონაში მშენებლობები დაიგეგმება, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც აქტიურად იყოს ჩართული, რათა შესაბამისი ზომები გავატაროთ და მსგავსი პრობლემები თავიდან ავიცილოთ.
- შესაძლებელია სუბიექტურ მიზეზებს შორის ის დასახელდეს, რომ საკურორტო ზონები ისე განაშენიანდა, რომ არ გაითვალისწინეს, ასეთი ინტენსიური დასახლებისთვის იყო თუ არა საკმარისი წყლის რესურსი?
- ვერ დაგეთანხმებით, რადგან ყველა იმ აბონენტისთვის, ვინც მიერთებულია წყალმომარაგების ქსელზე, კომპანია მზად იყო შეუფერხებლად მიეწოდებინა წყალი. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - ის გარემოებები, რამაც გამოიწვია წყლის დებეტის შემცირება, დაკავშირებული იყო ნალექის სიმცირესთან. კომპანია მაქსიმალურად გაზრდის რეზერვებს, მოვიძიებთ შესაძლო წყაროებს, საიდანაც მივიღებთ დამატებით წყალს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
- თქვენი წინამორბედის წასვლა თანამდებობიდან უცნაურად დაემთხვა ზამთრის კურორტებზე უწყლოობის პრობლემას. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეკატერინე გალდავას ხელმძღვანელობის დროს ვერ მოხერხდა პრობლემის სათანადოდ შეფასება და მისი აღმოფხვრა?- ჩემი აზრით, რაც მოხდა, არა მენეჯმენტის, არამედ კლიმატური პრობლემების ბრალია.
- ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია პასუხისმგებლობა მხოლოდ დედაბუნებას დავაკისროთ?
- თუ გაქვთ შესაბამისი წყლის რესურსი, შესაძლებელია მოხმარებაზე სამჯერ მეტი რეზერვიც შეიქმნას თითოეულ რეგიონსა და ქალაქში, მაგრამ არ არსებობდა ასეთი ნეგატიური მოლოდინი და ამიტომაც არ შექმნა კომპანიამ დიდი ოდენობით წყლის რეზერვი. კომპანიამ შექმნა ის გონივრული რეზერვი, რომელიც მიიჩნია, რომ საკმარისი იქნებოდა. თუმცა არ აღმოჩნდა საკმარისი და მივიღეთ ასეთი შედეგი.
- მივიღეთ დიდი რეპუტაციული ზიანი - ბევრმა უცხოელმა თუ ადგილობრივმა ტურისტმა დატოვა საქართველოს ზამთრის კურორტები.
- უწყლოობა არ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შემცირდა ტურისტული ნაკადი ზამთრის კურორტებზე, მიზეზი უთოვლობაც იყო.
- მიმდინარე სეზონზე თუ არსებობს კიდევ წყლის შეფერხებით მიწოდების რისკები ტურისტულ ზონებში?
- ბუნებრივია, ვერ გამოვრიცხავთ ავარიას. ამჟამად გუდაურში შექმნილი გვაქვს ორჯერ მეტი რეზერვი, ვიდრე ჯამურად წყლის მოხმარებაა ამ ქალაქში. დაახლოებით იმავეს გვინდა მივაღწიოთ ბაკურიანში.
ამ ეტაპზე ბაკურიანში შეგვიძლია მოხმარების 100%-ის უზრუნველყოფა, თუმცა ამ წუთებშიც მიმდინარეობს მუშაობა, რომ წყალმომარაგების დამატებითი წყარო შეიქმნას.
- ახლა როგორ მოხერხდა დამატებითი რეზერვების შექმნა? ნალექი ახლაც მცირეა ზამთრის კურორტებზე.
- თოვლი მოვიდა და დამატებით მოვიძიეთ წყლით უზრუნველყოფის წყაროები. მაგალითად, გუდაურში იყო შემთხვევა - სათავე-ნაგებობაზე, საიდანაც სასმელი წყალი მიეწოდება გუდაურს, წყალი დაიკარგა და კომპანიამ ოპერატიულად მოიძია ახალი წყარო, ავაშენეთ ახალი სათავე-ნაგებობა, დავუკავშირეთ ძველ ქსელს და აღვადგინეთ წყალმომარაგება.
მაია სიდამონიძე, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი: - სამწუხაროდ, პასუხისმგებელი პირებისგანაც ვერ გავიგეთ, რა იყო გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების შეფერხების მიზეზი. საბოლოო მიზეზად ნალექის ნაკლებობა დასახელდა. XXI საუკუნეში კლიმატურ პირობებსა და ნალექზე არ შეიძლება იყოს დამოკიდებული წყალმომარაგება, თუ გვინდა, სოლიდური სამთო-სათხილამურო კურორტის სახელი გვქონდეს. ეს ხომ პირველი წელიწადი არ არის, როცა წყალმომარაგების პრობლემა გვაქვს, უბრალოდ, ახლა უფრო გამწვავდა, რადგან განაშენიანებაც გაიზარდა და ტურისტების რაოდენობამაც მოიმატა. ათი წლის წინ რომ განსაზღვრული ტევადობის წყლის რეზერვუარები გვქონდა ზამთრის კურორტებზე და დღეს აღარ არის სამყოფი, ამას დიდი მიხვედრა სჭირდება?! გარდა ამისა, მხოლოდ სახელმწიფოს არ დავაკისრებდი პასუხისმგებლობის ტვირთს, თავად სასტუმროებსაც უნდა ჰქონდეთ წყლის ისეთი რეზერვუარები, სულ ცოტა, 24 საათის განმავლობაში მაინც შეძლონ დამსვენებლების წყალმომარაგება.
წესით, საქართველოში წყლის პრობლემა ყველაზე ნაკლებად უნდა გვქონდეს და თუ ინფრასტრუქტურულად სწორად დაიგეგმა და სტრატეგიული გრძელვადიანი გადაწყვეტილებით მოვძებნით გამოსავალს და არა მოკლევადიანი შეკრებებით, უფრო ეფექტიან შედეგს მივიღებთ.
მახსოვს, პრემიერის ინიციატივით უწყებათაშორისი ჯგუფი ზამთრის კურორტების საკითხზე დეკემბერში შეიკრიბა, რაც ძალიან დაგვიანებული იყო. ექვსი თვით ადრე მაინც უნდა დაეწყოთ მომზადება. მე მაინც მინდა იმედი ვიქონიო, რომ რეპუტაციული ზიანი იქნება მოკლევადიანი, რა თქმა უნდა, თუ ეს ყველაფერი სისტემატური არ გახდა და სეზონის განმავლობაში კიდევ არ წარმოიშვა მსგავსი ან სხვა სახის პრობლემები. გაუგებარია, რისთვის ვხარჯავთ სოლიდურ თანხებს მარკეტინგულ კამპანიებში ჩვენი კურორტების პოპულარიზაციისთვის, როდესაც გადაუჭრელი პრობლემებით ჩვენ თავადვე ვუწევთ ანტირეკლამას. ასეთ შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საკითხიც დგება.
აკაკი ცომაია, ეკონომიკის ექსპერტი: "როცა ერთი კვირის განმავლობაში წყლის პრობლემა ორ ყველაზე დატვირთულ კურორტზე მოუგვარებელია, დიდი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი გარდაუვალია. ფინანსური ზარალი მიადგათ და მიადგებათ იქაურ მოსახლეობასა და მეწარმეებს, რომლებიც სეზონსა და ტურისტების რაოდენობაზე არიან დამოკიდებული. პირდაპირი ეკონომიკური შედეგი ის იქნება, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდება, რაც გაცვლით კურსზე ნამდვილად არ მოახდენს დადებით გავლენას. შედეგად, მაკროეკონომიკურ კონტექსტში ეროვნულ ბანკს გაუჭირდება ამ პროცესებთან გამკლავება. ცხადია, ეს ეკონომიკაზეც იქონიებს გავლენას, რადგან ბაზარზე სამომხმარებლო ხარჯები შემცირდება და ამას ექნება მულტიპლიკატორული ეფექტი - ნაკლები პროდუქცია გაიყიდება და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის ტემპიც შემცირდება. ამ შედეგებს ჩვენ მომავალი თვეების სტატისტიკაში დავინახავთ.
ცალკე გამოყოფის ღირსია ქვეყნის ტურისტული რეპუტაცია და მიმზიდველი ქვეყნის იმიჯი, რომლის აღდგენას ხანგრძლივი მუშაობა დასჭირდება. ზარალი ძალიან დიდია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა პრობლემას, რომელიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის და რისი პროგნოზირებაც ძალიან მარტივი იყო. მთავრობა, რომელიც ფიქრობს მხოლოდ კერძო ინტერესებზე, მის მიერ შესრულებული სამუშაოები, ბიუჯეტიდან დახარჯული თანხები და მიღებული შედეგები ყოველთვის ერთმანეთის არაადეკვატური იქნება. ყველაფერს კერძო ინტერესებმა გადასძლია და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეს არა მარტო არაპროფესიონალიზმის, არამედ იმის დადასტურებაც არის, თუ როგორ უნიათოდ და არამიზნობრივად იხარჯება საბიუჯეტო სახსრები".
წყარო: „კვირის პალიტრა"