შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
„შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზის 185 კმ-ზე და სრულდება იმავე საავტომობილო გზის 200 კმ-ზე, არგვეთაში. აღნიშნული მონაკვეთი პირდაპირ უერთდება არგვეთას კვანძს, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის გაგრძელებას და ნაწილობრივ გადაფარავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორს.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი,“- აღნიშნულია ბრძანებაში.
თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად რამდენიმე მოქალაქესთან, ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. კერძოდ, საუბარია ზესტაფონის რაიონში, სოფელ ქვედა საქარაში მდებარე გიორგი ნებიერიძის, დავით, თამარ ნებიერიძეებისა და ნანა კვანტრიშვილის თანასაკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 482 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.