ბიძინა ივანიშვილის „გალერია თბილისმა“ 2018 წელი ზარალით დაასრულა

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის სავაჭრო ცენტრმა „გალერია თბილისმა“, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის კონსოლიდირებული ანგარიშიდან ირკვევა.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორი იყო კომპანიის შემოსავლები და ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს.

როგორც 2018 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდეა.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2018 წელს „გალერია თბილისი ჯგუფის“ შემოსავალი 25,353 მლნ ლარი; საოპერაციო მოგება - 10,953 მლნ; წლის მთლიანი ზარალი 1,115 მლნ ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ჯგუფის საკუთრებაში იყო - 199,308 მლნ ლარის აქტივები.

კომპანია ფლობს 100%-იან წილს შვილობილ კომპანიაში - შპს რია-რია (Ria-Ria LLC), ბავშვთა გასართობი ცენტრი სავაჭრო ცენტრ გალერია თბილისში. ამასთან, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფი ეკუთვნის შემდეგ კომპანიებს: შპს „მოვატ ჯორჯია“ (Mowat Georgia) (98.11%), სს „უნივერმაღი თბილისი“ (1.7%), შპს „კაფე თბილისი-5“ (0.19%). ჯგუფის საბოლოო მშობელ კომპანიას წარმოადგენს GCF LP - შეზღუდული პარტნიორობა, რომელიც ჩამოყალიბდა კაიმანის კუნძულებზე.

თაია არდოტელი