3 უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ინოვაციურ იდეებს ეძებს

საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.

ამას ცხადყოფს ინოვაციების გლობალური ინდექსის 2019 წლის მონაცემებიც: საქართველო პირველად მოხვდა ტოპ 50 ქვეყანას შორის და 48-ე ადგილზე გავიდა.

წინა წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა. ინოვაციების გლობალური ინდექსის შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემაც ვითარდება, მით უფრო, რომ ამაში არამხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორიც აქტიურად არის ჩართული.

სახელმწიფო სექტორის მიერ დაფინანსებული სტარტაპების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საერთო სურათს უფრო მარტივად დავინახავთ:

2016 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, დამწყები ბიზნესისთვის ხელშემწყობმა პროგრამამ „სტარტაპ საქართველომ“ 3300 იდეა განიხილა და ინოვაციური კომპონენტიდან 81 დააფინანსა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ 2018-2019 წლებში გამოცხადებულ თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 635-მა აპლიკანტმა შეიტანა, საიდანაც 58-მა სტარტაპმა გაიმარჯვა, 2019 წლის 8 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში დარეგისტრირებულებიდან გამარჯვებულები კი 2020 წელს აირჩევიან.

აღსანიშნავია, რომ სტარტაპებს „სტარტაპ საქართველო“ და ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარით აფინანსებს, რათა თავიანთი იდეების განხორციელება შეძლონ.

რა თქმა უნდა, აღნიშნული პროექტები დამწყები ბიზნესებისთვის და ინოვაციური იდეებისთვის ერთგვარი მისწრებაა, თუმცა ისევე როგორც ყველა კონკურსში, აქაც გამარჯვებულთა რაოდენობა შეზღუდულია.

გარდა აღნიშნული ორი პროექტისა, საიდან შეიძლება მიიღოს მხარდაჭერა სტარტაპმა?

ჩვენ 3 სტარტაპ აქსელერატორზე გიამბობთ, რომელიც საინტერესო იდეების მოძიებითა და მათი დაფინანსებით გახდნენ ცნობილები და მოთხოვნადები:

1. Y Combinator

სტარტაპ აქსელერატორმა Y Combinator შექმნა სტარტაპების დაფინანსების ახალი მოდელი. ის წელიწადში ორჯერ, დიდი რაოდენობით სტარტაპებს 150 000 აშშ დოლარით აფინანსებს. სტარტაპები 3 თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობენ „სილიკონ ველიზე“, რათა თავიანთი იდეები მაქსიმალურად დახვეწონ და ინვესტორებისთვის საინტერესო სახე მისცენ. საბოლოოდ კი, სტარტაპი თავის თავს წარუდგენს ინვესტორებისგან შემდგარ აუდიტორიას.

სტარტაპ აქსელერატორი Y Combinator სტარტაპებთან მუშაობას პრეზენტაციის დღეს არ ასრულებს. ის დამფუძნებლებთან კომუნიკაციას აგრძელებს და კომპანიას განვითარებაში ეხმარება.

2005 წლიდან Y Combinator-მა 2000-ზე მეტი სტარტაპი დააფინანსა. ის 4000 დამფუძნებლისგან შედგება და კომპანიები, რომლებსაც Y Combinator-ი მოიცავს, ჯამში 100 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებისაა. მათ შორის არიან Airbnb.com, Coinbase.com, Reddit.com, FutureAdvisor.com და სხვა ძლიერი კომპანიები.

Y Combinator-ის პროექტებში ჩართვა ვებ-გვერდზე რეგისტრაციითაც შეგიძლიათ.

2. 500 Startups

500 Startups მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის ფირმაა, რომლის მისიაც მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, წარმატებული კომპანიების შექმნაში დახმარებასა და გლობალური ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება.

„სილიკონ ველიში“ დაარსების დღიდან, მან 5 გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის მეშვეობით, 2 300 კომპანია დააფინანსა.

Y Combinator-ის მსგავსად, 500 Startups-ის საინვესტიციო პორტფოლიო მდიდარია ისეთი ცნობილი კომპანიების ჩამონათვალით, როგორიცაა მაგალითად: Credit Karma, Canva, Talkdesk და Ipsy.

გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups სტარტაპების მხარდაჭერას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციისა და მსოფლიოს მასშტაბით მთავრობებთან და კორპორაციებთან პარტნიორობითაც ახორციელებს.

500 Startups-ის ჩამონათვალში 2 300 კომპანიაა. მას 5 000-ზე მეტი დამფუძნებელი ჰყავს და 75-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ინვესტიციებს. სტარტაპ აქსელერატორის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება მათ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

3. Techstars

Techstars მსოფლიო ქსელია, რომელიც ანტრეპრენერებს წარმატების მიღწევაში ეხმარება. ის ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორია, რადგან 150-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, 4 000-ზე მეტი ღონისძიება აქვს ჩატარებული, ჰყავს 10 000-ზე მეტი მენტორი და 300 000-ზე მეტი მონაწილე.

Techstars მენტორთა მეშვეობით სტარტაპების მომზადებას უზრუნველყოფს. ის ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებს ბიზნესის მართვისთვის საჭირო უნარების შეძენაში ეხმარება. Techstars Venture Capital Fund კი საინტერესო და დახვეწილ იდეებს ჯამში 265 მილიონი აშშ დოლარის თანაინვესიტრებას უწევს, რათა მომავალში წარმატებას მიაღწიონ.

სტარტაპ აქსელერატორის ვებ-გვერდი ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად გამოიყურება - პირდაპირ ვებ-გვერდზე განთავსებულ ველში შეგიძლიათ ისწავლოთ, კომპანია როგორ შექმნათ, როგორც ანტრეპრენერმა რა ინფორმაცია უნდა მიიღოთ და ა.შ.

დღეს წარმატებული და განვითარებული კომპანიების ნაწილს სწორედ ამგვარი სტარტაპ აქსელერატორები ეხმარებოდნენ. მათ ვებ-გვერდებზე გამარჯვებული სტარტაპებისა და უკვე განვითარებული კომპანიების მრავალგვერდიან ჩამონათვალს გაეცნობით. დაინტერესებისა და პროგრამებში ჩართვის შემთხვევაში კი შეიძლება, ამ სიაში თავადაც მოხვდეთ.