რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შპს „თეთრი ქუდი“ საწარმოს გადატანას სხვა ტერიტორიაზე გეგმავს

რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შპს „თეთრი ქუდი“, კომპოსტის საწარმოს გადატანას სხვა ტერიტორიაზე გეგმავს. როგორც საწარმოში აცხადებენ, კომპანია აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ მაქსიმალურად შემცირდეს კომპოსტირების პროცესისას წარმოქმნილი სუნი, რომელიც რუსთავის მოსახლეობის უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციების გამართვის მიზეზი გახდა.

საწარმოს ხელმძღვანელობამ რუსთავის მერიას წერილით მიმართა, სადაც დეტალურ განმარტებებს აკეთებს იმაზე, თუ რა ღონისძიებებს ატარებენ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. საწარმოში აცხადებენ, რომ კომპოსტის წარმოების გადატანას გაზაფხულისთვის ქალაქიდან მოშორებით აპირებენ.

„პრობლემის აღმოსაფხვრელად შევიძინეთ კომპოსტის შემრევი დანადგარი, რისი მიზანიც არის ტექნოლოგიური პროცესის დროს წარმოქმნილი სუნის მაქსიმალურად შემცირება.

მიუხედავად იმისა, რომ ხაზგასმით არ არის უტყუარად დადასტურებული ქალაქის ჰაერის დაბინძურება და სუნის გავრცელება უშუალოდ ჩვენი საწარმოს მიერ, ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის პრეტენზიები და დავიწყეთ ყველა იმ შესაძლო ფაქტორების აღმოფხვრა, რასაც შეეძლო თუნდაც მცირე ოდენობით უსიამოვნო სუნის გავრცელება. დამატებით ვაწარმოებთ ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთის შეძენის პროცესს (აღნიშნული ტერიტორია დასახლებული პუნქტის მიმდებარედ არ არის) და ვგეგმავთ ჩვენი საწარმოო პროცესის (კომპოსტის წარმოების) სრულად გადატანას აღნიშნულ ტერიტორიაზე“, - აცხადებენ შპს ,,თეთრ ქუდში“.

ამასთან, მათივე განმარტებით, უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით მოსახლეობის პროტესტი გაითვალისწინეს და კომპოსტის წარმოება შეამცირეს, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენათ.

ცნობისთვის, რუსთავის მოსახლეობა რამდენიმე თვეა, ქალაქში უსიამოვნო სუნის გავრცელებას აპროტესტებს და კომპოსტის საწარმოს დახურვას მოითხოვს. სამოქალაქო აქტივისტები და მოსახლეობა, შპს „თეთრი ქუდის“ კომპოსტის საწარმოსთან, ასევე ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავდა.