ბანკ „რესპუბლიკას“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

ამ წლის ოქტომბრიდან ბანკ „რესპუბლიკას“ ახალი გენერალური დირექტორი, ანტუან გაბიზონი უხელმძღვანელებს.

იგი კრისტიან კარმანიოლს შეცვლის, რომელიც ბანკს 2010 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში.

რამდენიმე დღის წინ კრისტიან კარმანიოლმა და ანტუან გაბიზონმა, „სოსიეტე ჟენერალის“ დელეგაციასთან ერთად, ბანკის კლიენტებსა და პარტნიორებს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ ტერასაზე უმასპინძლეს, სადაც ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებული მიღება გაიმართა.

„საქართველოში და, შესაბამისად, ბანკ „რესპუბლიკასთან“ ერთად პირველად ვარ. მოხიბლული ვარ აქ ყოფნით და ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი ბანკ „რესპუბლიკის“ სტაბილური, წარმატებული მუშაობა, მისი მრავალფეროვანი მომსახურება და კლიენტთა მზარდი რაოდენობაა, მეორე კი ის, რომ საქართველოს შესახებ ბევრი კარგი მსმენია. ბანკ „რესპუბლიკის“ გუნდთან ერთად შემართებით განვაგრძობ კრისტიან კარმანიოლის მიერ გაწეულ შესანიშნავ საქმიანობას და ჩვენ კლიენტებს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ მომსახურებას შევთავაზებთ“, - აღნიშნა ანტუან გაბიზონმა მიღებაზე.

ანტუან გაბიზონს საბანკო სფეროში მუშაობის ოცდაათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. იგი „სოსიეტე ჟენერალის“ სისტემაში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ანტუან გაბიზონი ხელმძღვანელობდა „სოსიეტე ჟენერალის“ საბანკო ინსტიტუტებს ჰონგ-კონგში, ყაზახეთში, უკრაინასა და რუმინეთში. კრისტიან კარმანიოლი კი მუშაობას „სოსიეტე ჟენერალის“ პოლინეზიის ბანკში განაგრძობს.