„ალდაგის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯერ ვერ იტყვის, აუნაზღაურდება თუ არა ზარალი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტის მფლობელს

გადაჭრით ვერ გეტყვით, ანაზღაურდება თუ არა ზარალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ალდაგის“ ზარალის მენეჯერმა ბექა ფოფხაძემ, ქავთარაძის ქუჩის #3- თან მდებარე სავაჭრო ობიექტის ხანძრის შედეგებზე პასუხისას განუცხადა.

მისივე თქმით, კომპანია დეტალებს ამ დროისთვის სწავლობს.

„უნდა გადაიხედოს ხელშეკრულება და შემდეგ უკვე გავერკვევით დეტალებში. სანამ ხელშეკრულებას არ ვნახავთ, ვერაფერს გეტყვით. გუშინ ღამე მოხდა შემთხვევა და ახლა ვმუშაობთ. ვერ გეტყვით გადაჭრით, აუნაზღაურდება თუ არა ზარალი,“ - განაცხადა ბექა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, დამწვარი მაღაზიის მფლობელის ნიკა ლოლაძის განცხადებით, ქავთარაძის #3-თან მდებარე სავაჭრო ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი დაახლოებით 400 000 ლარამდეა. მისი თქმით, მაღაზია დაზღვეული ჰქონდა, თუმცა, დაზღვევას წლის ბოლოს ვადა გაუვიდა და არ იცის, აუნაზღაურებენ თუ არა ზარალს. ხანძარი ობიექტს გუშინ ღამე გაუჩნდა.