აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება ამოიღოს ჩინეთი ვალუტით მანიპულატორი ქვეყნების სიიდან. ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ნახევარწლიან ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ ინტერესებს ეხება.
„სამინისიტრომ ჩინეთის ხელისუფლების ბოლო შვიდი თვის სავალუტო პოლიტიკის ანალიზი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ 10 ქვეყნის სავალუტო პოლიტიკა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ამ ეტაპზე ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არ არღვევენ სავალუტო მანიპულაციის შესახებ კანონმდებლობას“, - ნათქვამია უწყების ანგარიშში. შედეგად კი ჩინეთი ამოღებულია ვალუტის მანიპულატორი ქვეყნების სიიდან.
შეგახსენებთ, ამერიკის ფინანსთა სამინსიტრომ 2019 წლის 5 აგვისტოს ჩინეთი ვალუტით მანიპულირებაში დაადანაშაულა და მისგან „გამჭვირვალე სავალუტო პოლიტიკა“ მოითხოვა. მაშინ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება უსაფუძვლო იყო და ნეგატიურად აისახებოდა გლობალურ ეკონომიკაზე და მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე.