შთაბეჭდილება გვრჩება, რომ პროკურატურის მოწმეები ჩვენი მოწმეები უფრო არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თიბისის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, საქმეში არანაირი არგუმენტები, არანაირი მოწმეები და არანაირი სამხილები არ არსებობს.
"დღევანდელი სხდომაც, როგორც ყველა წინა, იყო და არის პოლიტიკური ფარსი. არაფერი ახალი ჩვენ აქ არ გაგვიგონია. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ პროკურატურის მოწმეები ჩვენი მოწმეები უფრო არიან. ეს არის სრულად დადგმული, პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი. არანაირი არგუმენტები, არანაირი მოწმეები, არანაირი სამხილები არ არსებობს. თეორიულ სიახლოვეშიც არ არის „ფულის გათეთრების“ თემა. ამ საქმეს ჩემი და ბადრი ჯაფარიძის გარდა არ ჰყავს დაზარალებული და არ არსებობს მომჩივანი, შესაბამისად, ეს არის დადგმული სპექტაკლი, ფარსი და გული მწყდება, რომ ამ ფარსში ჩართულია ბევრი ახალგაზრდა ადამიანი პროკურატურის მხრიდან", - განაცხადა ხაზარაძემ.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე, ეროვნული ბანკის ოთხი თანამშრომელი დაიკითხა, რომელმაც 2008 წელს "თიბისი ბანკი" შეამოწმა. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 15 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.