„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშშ-დან ხორბლის პირველი კომერციული პარტია შემოვიდა“

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშშ-დან ხორბლის პირველი კომერციული პარტია შემოვიდა - ამის შესახებ ინფორმაციას, მწარმოებელთა ფედერაცია ავრცელებს. კერძოდ, მათი ცნობით, ქვეყანაში 30 000 ტონა ამერიკული სასურსათო ხორბალი შემოვიდა.

„2019 წლის დეკემბერში საქართველოში საზღვაო გზით შემოვიდა 30,000 ტონამდე ამერიკული წარმოშობის მაღალხარისხიანი ხორბალი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ხორბლის პირველი კომერციული პარტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (როგორც ცნობილია 2000 წლის მიჯნაზე, საქართველომ მიიღო ამერიკული ხორბალი, თუმცა ის იყო ამერიკის მთავრობის დახმარება საქართველოსადმი).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული 30 000 ტონა ხორბალი მიღებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და მიმართულია ბაზრის შემდგომი დივერსიფიცირებისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისაკენ. როგორც ცნობილია, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდწილად დამოკიდებულია რუსული ხორბლის იმპორტზე.

ამჟამად, საქართველოს წისქვილ-კომბინატების მიერ მიმდინარეობს ამერიკული ხორბლის პირველი პარტიის გადამუშავება და გამოშვებულმა ფქვილის ხარისხმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.

დღეის მდგომარეობით, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომდევნო პარტიების შესყიდვაზე რისი წარმატებით დასრულების მოლოდინი გვაქვს. გვწამს ხორბლის პირველი წარმატებული ნაბიჯი, იქნება საქართველო-აშშ-ს აქტიური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საწინდარი ხორბლის იმპორტის კუთხით, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას,“-აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

თაია არდოტელი