„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გასული წლის მესამე კვარტალში, მსოფლიო ვალის თანაფარდობამ მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტთან, რეკორდულ ნიშნულს - 322 პროცენტს მიაღწია.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვალი 10 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და 252.6 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამასთან, ვალი ყველა სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი. მათ შორის მნიშვნელოვანი წილი უკავია სახელმწიფო ვალებს და კორპორატიულ ობლიგაციებს.
საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის (IIF) გლობალური პოლიტიკური ინიციატივების მმართველ დირექტორ სონია გიბსის თქმით, მართალია, კრედიტების ღირებულება ძალიან დაბალია, ქვეყნებს მაინც უკიდურესად უჭირთ მზარდი დავალიანების გადახდა. „მშპ-სთან ვალის ფარდობის ზრდის გამო, ვალების მომსახურება და რეფინანსირება გართულებულია და 2020 წლებში დავალიანებების და რესტრუქტურიზაციის კრიზისი, სულ უფრო მეტად გავრცელდება“, - ამბობს გიბსი.
IIF-ის მონაცემებით, შეერთებული შტატების დავალინების მშპ-სთან ფარდობამ 102 პროცენტს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია. ჩინეთის ვალისა და მშპ-ს შორის ფარდობა კი, 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ტემპით არის გაზრდილი.
IIF ვარაუდობს, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთების და მსუბუქი საფინანსო პირობების გამო, წელს პირველ კვარტალში მსოფლიო ვალი 257 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
განვითარებადი ქვეყნების ვალმა 72.5 ტრილიონ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, 2018 წლის მესამე კვარტალში ის „მხოლოდ“ 66.1 ტრილიონი დოლარი იყო. ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზად, არასაფინანსო სფეროს კორპორაციების ვალების ზრდაა დასახელებული.