2019 წელს ფულადი გზავნილები 9,7%-ით გაიზარდა

2019 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 14,1%-ით გაიზარდა, 2019 წლის 12 თვეში კი 2018 წელთან შედარებით 9,7%-ით.

კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის დეკემბერში უცხოეთიდან 172,270 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2018 წლის დეკემბერში კი 150,887 მლნ დოლარი. ამასთან, 2019 წლის 12 თვეში გზავნილების მოცულობამ 1,733 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 153,650 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის იანვარ-დეკემბერში ქვეყანაში 1,579 მლრდ დოლარი გადმოირიცხა.

სებ-ის სტატისტიკის ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით, ტრადიციულად პირველ ადგილზეა რუსეთი, 2019 წლის დეკემბერში გადმორიცხვებმა 43,822 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა იტალია - 23,842 მლნ დოლარი; შემდეგია საბერძნეთი - 19,601 მლნ დოლარი; გზავნილების მიხედვით მეოთხე ადგილზეა ამერიკა - 16,513, ხუთეულში შედის ისრაელი, საიდანაც დეკემბერში 15,552 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2019 წელს საქართველოდან უცხოეთში 25,520 მლნ დოლარი გადაირიცხა. გადარიცხვებითაც პირველ ადგილზე რუსეთია, დეკემბერში ჩრდილოეთში 8,230 მლნ დოლარი გადაირიცხა, მეორე ადგილზეა თურქეთი - 4,254 მლნ დოლარი, მესამეზე უკრაინა - 2,703 მლნ დოლარი. ხუთეულში შედიან აზერბაიჯანი - 1,561 მლნ დოლარი და საბერძნეთი - 1,052 მლნ დოლარი.

ელზა წიკლაური