კერამიკული ფილები, მილები, ნავთობის ბიტუმი - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საქართველო ირანისგან ყიდულობს.
ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომლის იმპორტიც ირანიდან ხორციელდება, „ბიზნესპრესნიუსმა“ საქსტატისგან გამოითხოვა.
პროდუქტების ჩამონათვალში ლიდერობს ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები, რომლის იმპორტმაც გასული წლის იანვარ-ნოემბერში 47,075.5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს კერამიკული, მოჭიქურებული მოსაპირკეთებელი ფილები - 18,499.4 ათასი აშშ დოლარით; მე-3 ადგილზეა - პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით, რომლის იმპორტმაც 10,913.7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ჩამონათვალში შავი ლითონებისაგან მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა და კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან იკავებენ, შესაბამისად, 9,779.9 ათასი და 6,430.4ათასი აშშ დოლარებით.
ირანიდან იმპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდებიან ასევე: მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით; წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე; ნატრიუმის ან კალიუმის ჰიდროქსიდი და პეროქსიდები და სპილენძის მავთული.