თბილისი 2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსის კანდიდატად შეირჩა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკურსში გასამარჯვებლად დედაქალაქს მხარდაჭერა სჭირდება, ხმის მიცემა კი სპეციალური ლინკის საშუალებით არის შესაძლებელი.
"რამდენიმე თვის წინ ჩვენ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, რომ თბილისი შეირჩა 2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსის კანდიდატად. ამისათვის ჩვენ გამოვაცხადეთ ფოტოების კონკურსი, რათა თბილისი ევროპულ კონკურსზე, რომელიც ელექტრონულად მიმდინარეობს, საუკეთესო ფოტოებით ყოფილიყო წარმოდგენილი. ამ კონკურსში რვა ფოტოგრაფის ფოტოები შეირჩა და მინდა რვავეს მადლობა გადავუხადო მონაწილეობისთვის.
რაც შეეხება თვითონ 2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსს, თბილისის კონკურენტი ქალაქები არიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ.
ამ კონკურსში გამარჯვება თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისათვის ერთ - ერთი საუკეთესო საშუალებაა. ჩვენ ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე პოპულარული. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს აისახება ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე. შემთხვევითი არ არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება, ახალი სასტუმროები ჩნდება, ჰოსტელები, კაფე-ბარები, ეს ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და ადამიანებს ახალი შესაძლებლობები ეძლევათ. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევროპაში, მსოფლიოში ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ სადაც თბილისი იქნება წარმოდგენილი. ყველას ვაჩვენოთ, როგორი მაგარი ქალაქია თბილისი, როგორი მაგარი ხალხი ვართ, როგორი სტუმარ-მასპინძლობა ვიცით, როგორი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. ეს არის ის, რითაც ვამაყობთ და რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გავიტანოთ მსოფლიოში, რომ ყველას მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ერთხელ მაინც ესტუმრენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელიც ერთხელ არის ნამყოფი საქართველოში, თბილისში, მას აქვს სურვილი კიდევ ჩამოსვლის", - განაცხადა კალაძემ.
თბილისში მერიის ინფორმაციით, კონკურსზე ხმის მისაცემად შექმნილია სპეციალური ლინკი: www.vote.ebdest.in, ხმის მიცემა იწყება 2020 წლის 15 იანვარს, თბილისის დროით 03:00 ზე (ღამით) და სრულდება 5 თებერვალს 14:59 საათზე. ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან შესაძლებელია 7 დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი გეოგრაფიული ლოკაციიდან.
მათივე ცნობით, კონკურსის შედეგები და გამარჯვებულები შუქდება მსოფლიოს წამყვან მედიაპლატფორმებზე. კონკურსის გამარჯვებულები სხვადასხვა წლებში იყვნენ ბუდაპეშტი, ლისაბონი, ვენა, კოპენჰაგენი, პორტო, ლიუბლიანა, ზაგრები და ა.შ.
კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჰეშთეგიც #votefortbilisi.