„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შედეგად, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება, დასაქმების დონე კი შემცირდება.
როგორც თოდრაძემ აღნიშნა, ამჟამად ქვეყანაში 800 000 თვითდასაქმებული მოქალაქეა აღრიცხული, საიდანაც 80%-მდე სოფლადაა დასაქმებული და უსასყიდლოდ მუშაობს საკუთარ მამულში. თოდრაძის განცხადებით, ამ ადამიანების ნახევარზე მეტი მოწეულ პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის იყენებს. ახალი მეთოდოლოგიით, ასეთი ადამიანები დასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან.
ამასთან, თოდრაძის განმარტებით, სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ მეთოდოლოგიამ უმუშევრობის დონის გაზრდასთან ერთად შეამცირა დასაქმების დონე, რამდენადაც თვითდასაქმებულთა გარკვეული ნაწილი გადაკვალიფიცირდა უმუშევრად, ნაწილი კი სამუშაო ძალის გარეთ მყოფ მოსახლეობად.
„არსებობს მოლოდინი, რომ არა მარტო გაიზარდოს უმუშევრობის დონე, არამედ შემცირდეს დასაქმების მაჩვენებელი. კონკრეტული თარიღს, თუ როდის გამოქვეყნდება ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკა, ვერ გეტყვით, თუმცა 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ვაგროვებთ ინფორმაციას და წლის ბოლოსთვის, ალბათ, ნოემბერში გვექნება შესაძლებლობა ეს მონაცემები წარვუდგინოთ საზოგადოებას,” - აღნიშნა თოდრაძემ.
ცნობისთვის, „საქსტატის“ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,8%-ია.