გორის მერიამ წელს 8 მილიონამდე ლარის ტენდერები გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ იანვრის თვეში 8 მილიონამდე ლარის ღირებულების ტენდერები უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გორის მერიის მიერ გამოცხადებული 15 ტენდერი მიმდინარეობს.

„ტენდერების ძირითადი ნაწილი გზების რეაბილიტაციას უკავშირდება. სატენდერო წინადადებების მიხედვით, 2020 წელს რეაბილიტირდება სოფელ კირბალი-ბერშუეთის და ფლავი-ფლავისმანი-ქვეშის დამაკავშირებელი გზები, კარალეთში სავარგულებთან მისასვლელი გზა და სოფელ თედოწმინდაში ცენტრალური გზიდან სკოლასთან და სოფელთან მისასვლელი გზები. რეაბილიტრდება ასევე შიდა გზები სოფელ ნაწრეტში, ქვახვრელში, ქერეში, ვარიანსა და ნადარბაზევში. ქალაქის ტერიტორიაზე ბარათაშვილისა და ქართველ მსროლელთა დივიზიის ქუჩები. გამოცხადებული ტენდერების ჩამონათვალშია გორში ევროკავშირის გრანტის ფარგლებში 4 615 მეტრის ველობილიკის მოწყობა და სოფელ არაშენდასა და ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.