„საქსტატი“ რეპეტიტორების და ბინის გამქირავებლების რაოდენობის შესახებ გამოკვლევის ჩატარებას გეგმავს

მიმდინარე წელს „საქსტატი“ რეპეტიტორების და ბინის გამქირავებლების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური გამოკვლევის ჩატარებას გეგმავს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ უწყების 2020 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ 2020 წელს „საქსტატი“ ორი სექტორის, კერძოდ, განათლებისა და უძრავი ქონების დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოკვლევას გეგმავს.

„2020 წლიდან რამდენიმე ახალ მიმართულებას გვექნება. დაუკვირვებადი ეკონომიკა შეფასდება განათლებისა და უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში, რადგანაც ვფიქრობთ, რომ დაუკვირვებადი ეკონომიკის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი შეიძლება იყოს ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეს ეხება კერძო რეპეტიტორების მიმართულებას და საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავებას,“-აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, წელს პირველად ჩატარდება დროის გამოყენების სტატისტიკის კვლევა. 20 იანვრიდან „საქსტატი“ ყოველთვიურად გამოაქვეყნებს ადგილობრივი წარმოების ექსპორტის სტატისტიკის ანალიზს ქვეყნების და სასაქონლო ჯგუფების ჭრილში.

ამასთან, თოდრაძე აცხადებს, რომ ტურიზმისა და მიგრაციის შეფასების მიმართულებით, საპილოტე პროექტის ფარგლებში მუშავდება მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის მონაცემები და ჯიპიეს სიგნალების მიხედვით დაკვირვება ხდება მიგრაციულ პროცესებზე და ტურიზმის სტატისტიკის გარკვეულ პარამეტრებზე, რაც მონაცემების დამატებითი წყაროა.