ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორი - ჩვენებებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სესხი იყო თვალთმაქცური ხასიათის და თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ არ დაბრუნებულიყო

ამ ჩვენებებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სესხი იყო თვალთმაქცური ხასიათის და რეალურად თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ არ დაბრუნებულიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, „თიბისი ბანკის" ინიციატივით, 2012 წელს საქმეში შემოვიდა ოფშორული კომპანია, რომელმაც ვალი გადაიწერა.

„სამგორი ემისა" და „სამგორი თრეიდის" წარმომადგენლებმა პირდაპირ დაადასტურეს, რომ ეს დავალებები - ბანკიდან სესხის აღება და შემდგომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე გადასესხება, უშუალოდ ავთანდილ წერეთლის დავალებით ხდებოდა. საბოლოო ჯამში რომ შევაფასოთ, ამ ჩვენებებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სესხი იყო თვალთმაქცური ხასიათის და რეალურად თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ არ დაბრუნებულიყო, ვინაიდან როგორც მოწმეები აცხადებენ, ამ სესხს ბანკს იმიტომ არ უბრუნებდნენ და ბანკიც იმიტომ არ თხოვდა, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამ კომპანიებს თანხებს არ უბრუნებდნენ, შესაბამისად, პირდაპირ კავშირშია ეს თანხების გადასესხება იმ განზრახვებთან, რომ ეს თანხები საბოლოდ არ დაბრუნებულიყო.

რაც შეეხება ამ ჩვენებების მეორე ნაწილს, რომ 2012 წელს გამოჩნდა კომპანია „მარტელო ჯგუფი", ეს გახლავთ ოფშორული კომპანია, რომელსაც არანაირი აქტივები არ გააჩნდა და იყო რეგისტრირებული ოფშორში, ამ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ინიციატივა, ეს კომპანია შემოსულიყო და ბანკი დატოვებულიყო მოთხოვნის გარეშე, მოდიოდა „თიბისი ბანკიდან", როგორც მათ საშუამავალო კომპანიამ განუცხადა. შესაბამისად, ამ ჩვენებებით და მათი ერთობლიობით დასტურდება, რომ საბოლოო ჯამში ეს არ იყო სესხები, აქ არ არის უბრალოდ თანხის გადასესხება, ეს იყო კომპლექსური ქმედებები, რომელიც საბოლოო ჯამში დასრულდა 2012 წელს, როცა გამოჩნდა ეს ოფშორული კომპანია, რომელსაც არანაირი აქტივი არ გააჩნდა და ბანკი დარჩა მოთხოვნის გარეშე", - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე, „სამგორი თრეიდისა" და „სამგორი ემის" დირექტორები და "თიბისი ბანკის" თანამშრომელი დაიკითხა.