ავიამშენებელი კორპორაცია Airbus-ი მის სამოდელო ხაზში ახალი სატრანსპორტო თვითმფრინავის BelugaXL-ის ექსპლუატაციას იწყებს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალმა მოდელმა მისი პირველი საექსპლუატაციო გაფრენა 9 იანვარს განახორციელა.
„ეს არის 6-დან პირველი BelugaXL, რომელთა გამოყენება მოხდება მათ წინამორბედ BelugaST-თან ერთად და ექსპლუატაციაში ჩაერთვებიან 2020-2023 წლებში“, - იუწყება Airbus. კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტის რეალიზება დაიწყო 2014 წელს. როგორც კორპორაცია აღნიშნავს, BelugaXL არის ევროპის ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ხომალდი, რომელმაც საცდელი 200-მდე გაფრენა განახორციელა. ჯამში საცდელი ფრენების ხანგრძლივობამ 700 საათი შეადგინა.
BelugaXL შექმნილია ავიალაინერ A330-200 Freighter-ის ბაზაზე. ახალი სატრანსპორტო საშუალების სიგრძეა 63 მეტრი, ფრთების გაშლის დიამეტრი 60 მეტრი, ფუზელაჟის სიგანე 8 მეტრი. ის გამორჩეულია საბარგულის ყველაზე დიდი მოცულობით ამ ტიპის თვითმფრინავებს შორის. მისი მაქსიმალური სასარგებლო დატვირთვა 51 ტონაა. ფრენის სიშორე 4000 კმ.