სუბსიდირება გლეხისთვის ვერაფერს შეცვლის?

”სუბსიდირებისათვის გამოყოფილ თანხას ქარხნები აითვისებენ, თუმცა, მათ ადრეც არ ჰქონიათ გასაჭირი.”

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტს, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და უკვე ძალაში შევიდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ პროექტის მნიშვნელობაზე მედიასთან დაწვრილებით ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ: ”მიდგომა არის ზუსტად იგივე, როგორიც რთველის შემთხვევაში: თუ ჩამბარებელი არასტანდარტულ ვაშლს ჩაიბარებს და გადაიხდის 10 თეთრს, მიიღებს 8-თეთრიან სუბსიდირებას სახელმწიფოსგან. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს, რომელიც წლების განმავლობაში იყო”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რომელმაც პროექტს ”უპრეცედენტო” უწოდა. პროექტის ბიუჯეტი უკვე განსაზღვრულია და 3 000 000 ლარს შეადგენს, თუმცა ფერმერები და ექსპორტიორები აცხადებენ, რომ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება მათ მდგომარეობას ოდნავაც ვერ შეამსუბუქებს.

კახი ბიჭიკაშვილი, ფერმერი: ”ეს 8-თეთრიანი სუბსიდია ფერმერისათვის არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ შარშანაც 10 თეთრად ვაბარებდით ვაშლს და წელსაც ამ ფასში უნდა ჩავაბაროთ. ამ პროექტით ჩვენთვის არაფერი შეიცვლება. სუბსიდირებისათვის გამოყოფილ თანხას ქარხნები აითვისებენ, თუმცა, მათ ადრეც არ ჰქონიათ გასაჭირი. თანაც, 3 მილიონი ლარი მიზერული თანხაა, რომელიც რეალურ შედეგს არ მოგვიტანს. საპროცენტო განაკვეთი რომ დაეფინანსებინათ, იაფი სესხების აღებაში რომ დაგვხმარებოდნენ, გაცილებით კარგ საქმეს გააკეთებდნენ”.

კახი ბიჭიკაშვილს კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში 7 ჰექტარზე აქვს გაშენებული ვაშლის ბაღი, რომლისთვისაც ბანკიდან კრედიტი აიღო: ”რამდენიმე წლის წინ 20-პროცენტიანი კრედიტი ავიღე და ჩემს ბაღში სულ ახალი ჯიშები გავაშენე. სამწუხაროდ, წელს ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ სათანადოდ ვერ მოვუარე და შედეგად უხარისხო ვაშლი მივიღე. ვისაც ძველი სესხები აქვს აღებული, შეღავათიანი კრედიტები აღარ მოგვცეს - ჯერ ძველი ვალი უნდა დაფაროთო. ჩემს დღეში ძალიან ბევრი ფერმერია ჩავარდნილი: მოუვლელობის გამო მოსავალი გაფუჭდა, თუმცა ხეები გადავარჩინეთ. რაც შეეხება 8-თეთრიან სუბსიდირებას, უკვე გითხარით, რომ ჩამბარებელს აძლევენ ამ 8 თეთრს, ჩვენთვის კი არაფერი შეცვლილა: ქარხანას ვაშლი 10 თეთრად უნდა ჩავაბაროთ, დაახლოებით 5 თეთრი დაკრეფა და ადგილამდე მიტანა დაგვიჯდება და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მიზერული თანხა უნდა ავიღოთ”.

როგორც კომპანია ”ფრუიტილიას” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვახო ბეჟიტაშვილი ამბობს, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტთან ექსპორტიორებს საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია და გლეხსაც ვერაფრით დაეხმარება. თუ დახმარება უნდათ, მაშინ ქარხანამ მოსავალი უფრო მაღალ ფასში უნდა მიიღოს. 8-თეთრიანი სუბსიდირება გლეხისა და ფერმერისათვის კი არ არის შეღავათი, არამედ ქარხნებისთვის. როგორც ჩანს, ამით გადამამუშავებელი მრეწველობის სტიმულირება სურთ. რაც შეეხება საექპორტო პროდუქციას, ჩვენ არანაირი შეღავათი არ გვეხება.

ბეჟიტაშვილი მიიჩნევს, რომ ფერმერებს ხელშეწყობა სულ სხვა მიმართულებით სჭირდებათ, რადგან საქართველოში მოწეული ვაშლი ვერც ფასით და ვერც ხარისხით კონკურენციას ვერ უწევს უცხო ქვეყნებში მოყვანილს.

”ჩვენს კომპანიას ვაშლი ძირითადად რუსეთში გააქვს. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი ვაშლი ვერ უწევას კონკურენციას სხვა ქვეყებიდან ექსპორტირებულ ვაშლს. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენს გლეხს ხშირად საიმისო ფულიც არა აქვს, რომ ბაღი შეწამლოს და სათანადოდ მოუაროს. ჩვენთვის, ექსპორტიორებისათვის, ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი ქართული ვაშლის ფასი და ხარისხია. საქართველოში ვაშლის მოყვანა ძვირი ჯდება. გლეხებსა და მეწარმეებს ხელი არ მოუწვდებათ იაფ სესხებზე, აქედან გამომდინარე, უმეტესობას ბაღი თავისი სახსრებით აქვს გაშენებული, ამიტომაც ვერ ახერხებენ, რომ დიდი მოსავალი მოიყვანონ. საბოლოო ჯამში, ვაშლის მოსავალი მცირე რაოდენობისაა, მისი ფასი კი - საკმაოდ მაღალი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ქართული ვაშლი წელს რუსეთში გაიყიდოს, ის არის, რომ სხვა ქვეყნების პროდუქციაზე ემბარგო აქვთ დაწესებული. საქართველოში ვაშლის ახალი ჯიშების ნაკლებობაა - იმ ჯიშებისა, რომელზეც ყველგან არის მოთხოვნა. რომ დავთვალოთ ერთი ჰექტრის მოსავლიანობა ჩვენთან და შევადაროთ თუნდაც მოლდოვას, თურქეთს, ან პოლონეთს, აღარაფერს ვამბობ ჰოლანდიაზე, ნათელია, რომ იქაურ ფერმერებს ვერც კი შევედრებით. ვაშლის კრეფას, შეფუთვას და მანქანაზე დალაგებას საკმაო თანხა სჭირდება, აღარაფერს ვამბობ ტრანსპორტირებასა და მის ხარჯებზე. ამის გამო ფასებს შორის სხვაობა სულ მცირე, 20-30 ცენტი მაინცაა. ამ სხვაობიდან გამომდინარე, ჩვენ ფიზიკურად ვერ გავუწევთ მათ კონკურენციას. რუსეთში, მაგალითად, ყველაზე დიდი რაოდენობით სინაპის ჯიშის ვაშლი გადის, ეს ქართული ჯიშია და ჩვენც ძირითადად, მის ექსპორტზე ვმუშაობთ. ჩემი აზრით, ძირითადად აქცენტი უნდა ავიღოთ ქართულ ჯიშებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებში არ ხარობს და საკმაო პოპულარობით სარგებლობს. როდესაც რუსეთის ბაზარზე ევროპული საქონელი შედის, ჩვენს ვაშლს შანსი აღარა აქვს, გარდა იმ უნიკალური ჯიშებისა, რომლებიც ევროპაში არ ხარობს. რაც შეეხება ფასს, ვაშლის ფასი რუსულ ბაზარზე საკმაოდ მაღალია: იქ ჩატანილი, განბაჟებული და უკვე ბაზარზე გატანილი ვაშლი სადღაც 2 დოლარამდე ღირს.

ქართულ ვაშლს რუსეთის ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენცია ხვდება, აღარაფერს ვამბობ ევროპულ ბაზრებზე, აქედან გამომდინარე, ექსპორტი რომ წაეხალისებინათ, უკეთესი იქნებოდა. როგორც წესი, ექსპორტზე მაღალი ხარისხის პროდუქცია გადის და თუ ამ პროდუქციას გაუკეთებენ სუბსიდირებას, გლეხსაც მეტი სტიმული ექნება უფრო მაღალხარისხიანი პროდუქცია მოიყვანოს, ახალი ჯიშები მოაშენოს და მოსავლის რაოდენობაც გაზარდოს. ამის მიღწევა მხოლოდ გადამამუშავებელი კომპანიების სუბსიდირებით პრაქტიკულად შეუძლებელია. მთავრობამ უფრო მეტი იაფი სესხი უნდა გასცეს, რომ გლეხმა უფრო მეტი მოსავალი აიღოს. დიდი რაოდენობით მოსავალი რომ გვექნება, ფასიც დაიკლებს და უფრო მეტი შანსი მოგვეცემა, რომ პროდუქცია ევროპაში გავიტანოთ. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს ამის შანსი, თუ სწორ მიმართულებას ავირჩევთ”, - ამბობს ვახო ბეჟიტაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე