აშშ-ის ვერმონტის შტატში მობილური ტელეფონის ტარება 21 წლამდე პირებისთვის შესაძლოა, დასჯადი გახდეს. ამ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
კანონპროექტის იდეა შტატის სენატორს, ჯონ როჯერსს ეკუთვნის. მისი თქმით, ახალგაზრდების მიერ მობილური ტელეფონის გამოყენება არაერთ საფრთხესთან არის დაკავშირებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 21 წლამდე მოზარდები მობილურ ტელეფონებს ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში იყენებენ და მათზე დამოკიდებულები არიან. ისინი მობილურ ტელეფონებს ხშირად მუქარისა და ბულინგისთვის იყენებენ, რაც ხშირად ფსიქოლოგიური პრობლემებითა და თვითმკვლელობით მთავრდება.
ამასთანავე, მოზარდების დიდი ნაწილი მობილურ ტელეფონს ავტომობილის მართვის დროს იყენებს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებს ზრდის. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში მობილურის გამოყენების დროს 1.6 მილიონამდე ავარია ხდება.
იმ შემთხვევაში, თუ ვერმონტის შტატში აღნიშნულ კანონპროექტს მიიღებენ, კანონის დამრღვევ ახალგაზრდებს ჯარიმის სახით 1 000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ.