"საქართველოს ფოსტას" კანონისმიერი მონოპოლია ენიჭება

"ფოსტის შესახებ" კანონპროექტს ევროკომისია უარყოფითად აფასებს და მონოპოლიურს უწოდებს.

ევროკმისიის დასკვნის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და ექსპრესგადამზდავი კომპანიების წარმომადგენლები ავრცელებენ. მათ დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდეს, კანონპროექტი პარლამენტში წარდგენამდე საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. გადამზიდავების ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იცავს.

ორგანიზაციის მთავარი ანალიტიკოსი ნათია კუტივაძე ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებუილი კანონპროექტი ბაზრის ამ სეგმენტზე ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს, ასევე უარყოფით გავლენას მოახდენს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე და ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიები DHL, TNT და ორმოცამდე კომპანია იძულებეული გახდება საქართველოს ბაზარი დატოვოს.

"ამ ტიპის მოდელი არის უპრეცედენტო, არ არის თავსებადი საერთაშორისო პრაქტიკასთან. ევროკომისიის კომენტარებში ცალსახად არის მითითებული, რომ კანონპროექტის დღევანდელ ვერსიაში არსებული რეგულაციები ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ლიბერალიზმის პრინციპების დამკვიდრებას ამ ბაზარზე. ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს მხოლოდ უნივერსალური საფოსტო მომსახურების რეგულირებას, რაც გულისხმობს საბაზისო საფოსტო მომსახურებაზე მოსახლეობის წვდომას, ბაზრის დანარჩენი სეგმენტი უნდა დარჩეს ლიბერალიზებული. ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული მოდელი ახდენს პრაქტიკულად ბაზრის რერეგულაციას. მხოლოდ "საქართველოს ფოსტას" შეეძლება 30 კილოგრამამდე ამანათების ექსკლუზიური გადაზიდვა და მომსახურების გაწევა. მხოლოდ "საქართველოს ფოსტას", რომელსაც ყველანირი კონკურსის გარეშე ენიჭება ეროვნული ოპერატორის სტატუსი, შეეძლება ქვეყნის შიგნით 30 კგ-მდე ამანათების გადაზიდვის მომსახურების განხორციელება. გარდა ამისა, "საქართველოს ფოსტას" ეძლევა დარეზერვებული მომსახურების სახით 100 გრამამდე კორესპონდენციის, ანუ წერილობითი მომსახურების განხორციელების საშუალება. კანონპროექტით "საქართველოს ფოსტას" კანონისმიერი მონოპოლია ენიჭება რამენიმე ბაზარზე – საფოსტო და საამანათო ბაზარზე; საბაჟო საწყობების მომსახურების ბაზარზე; კურიერული მომსახურების ბაზარზე და ფულადი გზავნილების ბაზარზე",-აცხადებს კუტივაძე.

კუტივაძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსა და გადამზიდავ კომპანიებს შორის არსებობს კომუნიკაციის პრობლემაც. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებს რამდენჯერმე შეხვდნენ და მიიღეს დაპირება, რომ მათ შენიშვნებს გაითვალისწინებდნენ, თუმცა შენიშვნები არ არის გათვალისწინებული და ივლისის შემდეგ ამ საკითხზე კომუნიკაცია აღარ შემდგარა.

"კომპანიებს აქვთ მოლოდინი, რომ ინსტიტუციური გარემო შეიცვლება. არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, გარკვეული მითითება, თუ კონკრეტულად რა მიმართულებით განვითარდება ეს ცვლილებები. როგორი იქნება საფოსტო ბაზარზე საქმიანობის მსურველი კომპანიებისთვის თამაშის წესები უახლოეს მომავალში, ეს მოლოდინი და გაურკვევლობა უარყოფით გავლენას ახდენს ამ ბაზარზე დასაქმებულ სუბიექტებზე, გამორიცხავს ახალი ინვესტიციების განხორციელებას. ასეთი რეჟიმი არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად",-აცხადებს კუტივაძე.

როგორც კომპანია TNT-ის დირექტორი ნინო მენთეშაშვილი ამბობს, ერთი თვის წინ ეკონომიკის მინისტრს წერილი ბრიუსელიდან ექსპრეს გადამზიდავთა ასოციაციამაც მიწერა, სადაც აღნიშნულია, რომ კანონპროექტის ამ სახით მიღების შემთხვევაში, ექსპრესგადამზიდავ კომპანიებს ბაზრის დატოვება მოუწევთ.

"ჩვენი კონკრეტული ბიზნესი არასტაბილურ გარემოში იმყოფება. 9 თვეა ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება დავტოვოთ ბაზარი. მიუღებელია ის ცინიკური დამოკიდებულება, როდესაც კომენტარებს აკეთებენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები და ეკონომიკის მინისტრი და ამბობენ, რომ ეს არ არის სწორი. მათ მიღებული აქვთ დასტური, რომ თუ ეს რეალობა დადგა, ჩვენ ბაზარს დავტოვებთ",-აცხადებს მენთეშაშვილი.

მენთეშაშვილის თქმით, ექსპრესგადამზიდავ კომპანიებს პრეტენზია არ აქვთ უნივერსალურ მომსახურებაზე. "საქართველოს ფოსტა" პრეტენზიას აცხადებს უნივერსალურ მომსახურებაზე. რაც არის რადიკალურად განსხვავებული კერძო ექსპრეს და კურიერული მომსახურებისგან. ის, რაც არ შედის უნივერსალურ მომსახურებაში, მათ შეყავთ. ამ კანონპროექტით უნევერსალური მომსახურების ქოლგის ქვეშ უნდათ გააერთიანონ უნივერსალური და სწრაფი მომსახურებები",-აცხადებს მენთეშაშვილი.

კომპანია DHL-ის წარმომადგენლის თამთა პაპავაშვილის თქმით, გადამზიდავები კანონპროექტთან დაკავშირებით სამინისტროსგან კონკრეტულ პასუხებს მოითხოვენ.

"ეკონომიკის სამინისტროსგან ვითხოვთ ერთადერთს, არ გვქონდეს ის ზემდეტი შეზღუდვები, რაც აქამდე არ არსებობდა და არ იყოს არასაჭირო რეგულაციები. უნივერსალური მომსახურება მოიცავს, რომ ქვეყნის შიგნით მოკრებილი იყოს საფოსტო წერილობითი, არამარტო, ფოსტა, და იგაზვნებოდეს ადრესატებთან ძალიან ხელმისაწვდომ ფასში. ამ შემთხვევაში არ არის ექსპრეს ვადები განსაზღვრული. ჩვენ ამას ისედაც არ ვაკეთებთ, ჩვენ ვართ ექსპრეს ფოსტა და არ უნდა მოგვიცავდეს არანაირი კანონპროექტი უნივერსალური ფოსტის განმარტებაში",-ამბობს პაპავაშვილი.

კანონპროექტი "ფოსტის შესახებ", რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებს, ჯერ პარლამენტში წარდგენილი არ არის. კომპანიების წარმომადგენლები და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ეკონომიკის სამინისტროს საკუთარ რეკომენდაციებს სთავაზობენ და მოუწოდებენ რომ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე უზრუნველყოფილი იყოს ბაზარზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობის ხელშეწყობა.

კომპანიების წარმომადგენლები და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებისა და რეკომენდაციების გადაგზავნას აპირებენ როგორც პარლამენტის წევრებისთვის, ასევე მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვისაც.

ნათია ლეშკაშელი